Accessibility links

მოსკოვში გრძელდება აქტივისტების დაკავება


ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბრალად ედება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ნავალნი მეოთხედ არის დაკავებული. ის და კიდევ 23 პირი ”სტროგინოს” პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ისინი დღეს დილით დააკავეს მეტროსადგურ ”ბარიკადნაიასთან”, მოსკოვში სამოქალაქო აქტივისტების ე.წ. ”სახალხო სეირნობის” დროს. პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლი შეეფარდა წინა დღით დაკავებულ აქტივისტს - ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორ სერგეი უდალცოვს. მის საქმეზე სასამართლო 10 მაისამდე არ იმსჯელებს. უდალცოვის ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მოსკოვის პოლიციის ანტიკონსტიტუციური მოქმედებების გამო აქციის მონაწილე დუმის დეპუტატმა დმიტრი გუდკოვმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ის გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. ოპოზიციური ”სახალხო სეირნობის” მონაწილეები აქციის გაგრძელებას აპირებენ და დღეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG