Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

67 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან


9 მაისს საქართველომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად 67-ედ აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და, ტრადიციულად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნება. იქ შეკრებილი ვეტერანები წელსაც იღებდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ, უბრალოდ, თბილისელებისგან მილოცვებს და 67 წლის წინანდელი ომის მძიმე დღეებს იხსენებდნენ.

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ომისდროინდელ მუსიკას გულგრილად დღემდე ვერ უსმენენ, ამბობენ, რომ ”კატიუშა” ომისდროინდელი ერთ-ერთი მთავარი სიმღერაა, რომელიც მათ ახალგაზრდობას და ომის დღეებს აგონებს. ეს მოტივი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბობენ, რომ ყოველ წელს სულ უფრო ცოტანი რჩებიან, მაგრამ ვისაც სიარული ჯერ კიდევ შეუძლია, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მაინც მოდის უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ზეიმობს, მილოცვებს იღებს და - რაც დრო გადის, უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც - თანამებრძოლებსაც ხვდება. 86 წლის ყოფილი ავიატორი გიორგი კანკავა ომის დამთავრების დღეს ასე იხსენებს:

”ქალაქ ლუდსკში ვიყავით. ღამე სროლა ატყდა. ჩვენ აეროდრომზე გვეძინა და გვეგონა, რომ თავს დაგვესხნენ. ავიღეთ იარაღი ხელში და ველოდებით, საიდან დაიწყება ბრძოლა - ორივე მხრიდან ტყე იყო და იქიდან ველოდით. ამ დროს კი ვიღაცამ დაიძახ: „პაბედაა, პაბედააააო!..“ არასოდეს დამავიწყდება ეს წამები.”

გიორგი კანკავას ხელში შარშან, 9 მაისს, ისევ ამ ადგილას მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო უჭირავს. ის წელს ვაკის პარკში მეგობრის გარეშე მივიდა:

”ეს ჩემი მეგობარია, ერთად დავფრინავდით და შარშან ვუთხარი, მოდი, ზურიკო, იქნებ მომავალ წელს აღარც ვიყოთ და ფოტო გადავიღოთ-მეთქი... გადავიღეთ და ზუსტად ერთ თვეში გარდაიცვალა და დავრჩი მარტო.”

2011 წლის მონაცემებით, თბილისში 1348 ვეტერანი ცხოვრობდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი, ომის 6000-მდე მონაწილე იყო დარჩენილი. ეს რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. აგრაფინა თავართქილაძე უკვე 89 წლისაა. ყვავილებით ხელში დგას უცნობი ჯარისკაცის საფლავის სიახლოვეს. ამბობს, რომ 9 მაისი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ის უკრაინაში ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდა. ომში 18 წლისა წავიდა:

”მაგარი ამბავი იყო, ტყვიების წვიმა, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა. თან 18 წლის ვიყავი, ფრონტზე რომ წავედი. ოთხი წელი უკრაინაში ვიყავი...”

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ბათუმში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

”საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა გაწირა თავი მეორე მსოფლიო ომში, რომ ფაშიზმი დამარცხებულიყო. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი კი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩნდა ოკუპირებული ტერიტორიები და გაჩნდნენ იკუპანტები. ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო ფაშიზმთან ბრძოლაში, თავად არის დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით აღწერილი, როგორც ოკუპანტი.”

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საქართველოდან დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა და მათგან მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა სამშობლოში.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი ნელ-ნელა გვირგვინებით ივსება. ვაკის პარკში მისული პოლიტიკოსების გამოსვლები ერთმანეთს ენაცვლება. დილიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ მოძრაობა ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები..
”ქრისტიან-დემოკრატების ” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავის გამოსვლაში შენიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომი თავისი კატასტროფული შედეგებით იყო მწარე გაკვეთილი მსოფლიოსათვის.

ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც, რომელმაც თქვა, რომ დღეს საქართველოში ვეტერანები არ არიან სათანადოდ დაფასებულები.

მფრინავი ლერი სურმავა, რომელიც ომის დასრულების დროს მხოლოდ ცხრა წლის იყო, ამბობს, რომ საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც ამ ომში ახლობელი ან ნათესავი არ დაეკარგოს.

ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი ვაკის პარკში შეკრებილებს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. თბილისის პარალელურად ეს დღე საქართველოს რეგიონებშიც აღნიშნეს.

ვაკის პარკში კი ზეიმი საბრძოლო სიმღერების ფონზე შუადღემდე გაგრძელდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG