Accessibility links

logo-print

”ქართულმა ოცნებამ” მოიწვია ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაცია


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და "ქართული ოცნების" ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნეს. 17-კაციანი დელეგაცია საქართველოში კოალიცია ”ქართული ოცნების” მოწვევით ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტარები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან. როგორც 10 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციის საქართველოში სტუმრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში დღეისათვის არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როცა, მაგალითად, მოსახლეობაში შიშს იწვევს დაუცველობის სინდრომი და ხელისუფალთა წნეხს განიცდის სასამართლო სისტემა და ბიზნესი. ”საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც ჩამომართვა უკანონოდ, არ მიბრუნებს კანონიერად... მაგრამ აიძულებს პარლამენტს, შემოიღოს ასეთი კანონი, რომ - არ არის საჭირო, რომ იყო საქართველოს მოქალაქე, ისე შეგიძლია მიიღო მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში, ასევე შეგიძლია გახდე ქვეყნის პირველი პირი, ან პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი. აი ასეთ კანონს ამტკიცებენ დღეს-ხვალ საქართველოში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“. იმის გამო, რომ ივანიშვილი საქართველოში მუდმივად მხოლოდ 2004 წლიდან ცხოვრობს, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტის ვარიანტი მასზე არ ვრცელდება. თუმცა მმართველი პარტია მზად არის, რომ პროექტში ცვლილებები მეორე მოსმენამდე შეიტანოს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, პროექტის საბოლოო რედაქცია მომავალ კვირას, სავარაუდოდ - 14 მაისს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG