Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტრო: რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდებები უსაფუძვლოა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ის "სრულიად უსაფუძვლოს" უწოდებს რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდებას, რომელიც გამოთქმულია დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის მიკვლევის და ტერორისტული ჯგუფის სამი პირის დაკავების შესახებ განცხადებაში. რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტისაჰაერო რაკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, რომლითაც იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმის მოწყობა 2014 წელს, სოჭში ოლიმპიური თამაშების დროს. დღეს გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, აფხაზეთში გასულ კვირაში აღმოაჩინეს იარაღის ათი საცავი რუსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდება, თითქოს დაკავებული პირებს საქართველოს სპეცსამსახურების მხარდაჭერით განზრახული ჰქონდათ ქალაქ სოჭში 2012-2014 წლებში იარაღის შეტანა და ვითარების დესტაბილიზება, ოლიმპიური თამაშების ხელშესაშლელად, სრულიად უსაფუძვლოა და ემსგავსება რუსეთის მთავრობის ადრინდელ ბრალდებებს. ამი გზით, წერია ქართული მხარის განცხადებაში, რუსეთი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და დაძაბოს სიტუაცია რეგიონში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა მცდელობებში, მოაწყონ საქართველოში ტერორისტული და ძირგამომთხრელი აქტები, რომლებიც წარმატებით აღიკვეთა. სამინისტრო დასძენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები იგეგმებოდა და იმართებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან.
XS
SM
MD
LG