Accessibility links

logo-print
მაშინ როცა აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსისათვის ემზადება, ქვეყნის მთავრობას 134 მილიონი დოლარი დაუჯდა 23 ათას ადგილიანი ბროლის სასახლის აშენება - სასახლისა, სადაც საერთაშორისო ფესტივალი უნდა ჩატარდეს. თუმცა, როგორც რამდენიმე ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, ამ მრავალმილიონიანი პროექტის უკან შესაძლოა იდგნენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები, რომელთა სახელები ქვეყანაში ბოლო ხანს განხორციელებულ არაერთ მასობრივ მშენებლობას უკავშირდება.

კასპიის ზღვის ნაპირზე ევროვიზიისათვის „ბროლის სასახლის“ აგება დადგენილ ვადებში დასრულდა და ორი კვირის წინ თვალისმომჭრელი შენობა ქვეყნის პირველმა პირმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს. ალიევების ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პატრიოტული მოტივით, საკადრისად უმასპინძლონ „ევროვიზიის“ ფესტივალს, რის უფლებაც აზერბაიჯანმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ევროვიზიის წინა კონკურსზე აზერბაიჯანულმა პოპ-დუეტმა ელმა და ნიკიმ გაიმარჯვეს.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესი დახურულია და ამ პროექტებში ძირითადად ის კომპანიები და დაწესებულებები მონაწილეობენ, რომლებსაც აქვთ სიახლოვე სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებთან ...
როგორც ჩვენი კოლეგის, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვასა და ორგანიზაცია OCCRP-ის („ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“) მიერ ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ცხადყოფს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის წევრები ქვეყნის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „აზენკოს“ უკან უნდა იდგნენ. კერძო კომპანიებში სახელმწიფო მოხელეთა ინტერესები საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა აზერბაიჯანში და ამის თაობაზე ბაქოელი ექსპერტი აზერ მეხტიევიც ლაპარაკობს:

„სახელმწიფო შესყიდვების პროცესი დახურულია და ამ პროექტებში ძირითადად ის კომპანიები და დაწესებულებები მონაწილეობენ, რომლებსაც აქვთ სიახლოვე სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებთან, განსაკუთრებით მინისტრებთან. იგივე ხდება ევროვიზიის საკონცერტო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ მრავალმილიონიანი სასახლის მშენებლობაში ოფიციალურად მონაწილეობს გერმანული კომპანია (GCABD), მაგრამ სუბკონტრაქტორი, ანუ პარტნიორი კომპანია, საწარმო „აზენკოა“, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახთან.“

უკანასკნელ წლებში აზერბაიჯანს ნავთობის ექპორტიდან ქვეყნის ბიუჯეტში რჩება ძალიან დიდი მოგება, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. რეალური მფლობელების ვინაობა შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო, მსხვილ ბიუჯეტიან სამშენებლო სამუშაოებს გერმანული კომპანია „Alpine Bau Deutchland AG” ახორციელებს, მის პარტნიორ კომპანიად კი სახელდება „აზენკო“, რომლის რეალური მფლობელები სწორედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები უნდა იყვნენ. ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის ხადიჯა ისმაილოვას ზემოხსენებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ სქემას მეტად ახადა ფარდა.
დიდი მშენებლობების პარტნიორ კომპანიად გამოდის კომპანია „აზენკო“, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების მფლობელობაშია ...

ირკვევა, რომ 2010 წელს „აზენკოს“ აქციათა 97.5%, პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების ოფიციალური უწყების თანახმად, გადაეცა კომპანია „ინტერენერჯის“. ამ კომპანიის აქციათა 70%-ს კი აკონტროლებს კერძო კომპანია „ადორი“, - ADOR MMC ,- რომელიც დარეგისტრირებულია აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევასა და პრეზიდენტის ქალიშვილების ლეილა და არზუ ალიევების სახელზე.

„ბოლო ხანს რამდენიმე ჟურნალისტის გამოძიებამ დაადგინა ფაქტი, რომ დიდი მშენებლობების პარტნიორ კომპანიად გამოდის კომპანია „აზენკო“, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების მფლობელობაშია, და ეს დიდი პროექტები ასე თუ ისე რეალიზდება უმაღლესი რანგის მოხელეების კუთვნილი კომპანიებით. ეს პრაქტიკა აზერბაიჯანში ფართოდ არის გავრცელებული“, - აცხადებს აზერბაიჯანელი ექსპერტი აზერ მეხტიევი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აზენკომ“ აზერბაიჯანში, „ბროლის საკონცერტო სასახლის“ გარდა, კიდევ ერთი მრავალმილიონიანი სახელმწიფო პროექტი - „სახელმწიფო დროშის მოედანი“ - განახორციელა. მოედანს, რომლის ღირებულება 38 მილიონი დოლარია, ამშვენებს უზარმაზარი, 162 მეტრის სიმაღლის ფლაგშტოკი, რომელიც უდიდესია მსოფლიოში.

გიგანტურ მშენებლობებთან უშუალო კავშირი არა აქვს, მაგრამ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის კიდევ ერთი ინტერესი გამოიკვეთა: წარმოდგენებს შორის კონცერტზე მისულ 23 ათას მაყურებელს გაართობს მომღერალი, რომელიც „შემთხვევით“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სიძე აღმოჩნდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG