Accessibility links

logo-print
დღეს არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება კოალიცია ”ქართულ ოცნებასა” და ”დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს” შორის თანამშრომლობის საკითხს. ამავე კონტექსტში მაისის ბოლოს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც წერენ.

ნინო ბურჯანაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში 26 მაისის შესახებ აცხადებს: ”რა გახდა ერთი დღე და რატომ არ შეიძლებოდა, რომ ყველას ერთად სოლიდარობა გამოგვეცხადებინა არა მარტო შარშან დაღუპული ან დაზარალებული, არამედ ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ამ რეჟიმის დროს დაზარალდა. ფაქტია, რომ კვლავ ხელისუფლების წისქვილზე დაისხა წყალი. ხელისუფლებამ შეძლო, რომ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიება არც ერთი მხრიდან არ განხორციელებულიყო.”

”ვერსიას” 26 მაისის შესახებ ”სახალხო კრების” წარმომადგენელი თემურ შაშიაშვილი ეუბნება, რომ ამ დღეს ”სახალხო კრება” პარაკლისს გადაიხდის. ”ქართული ოცნების” მიერ 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე კი ამბობს: ”სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მსურს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მისვლა, თუმცა ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ ბატონი ბიძინა 26 მაისს იტყვის, რომ ერთობა შედგება. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისს ტაძარში მოსვლით უნდა დაამტკიცოს, რომ ის არა პოლიტიკურ, არამედ დიდ ქართულ გაერთიანებას ქმნის.”

”ვერსიის” კორესპონდენტმა ქუჩაში გამვლელებს ჰკითხა - აპირებენ, თუ არა ისინი 27 მაისის აქციაში მონაწილეობას. ზოგმა დადებითი პასუხის გასცა, ნაწილმა უარყოფითი. ავტორი შენიშნავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია, სათაურით ”ბურჯანაძე-ივანიშვილის ოპოზიციური თანამშრომლობის აუცილებლობა”. ავტორი წერს: ”ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არ ნიშნავს იდეოლოგიურ პრინციპებზე უარის თქმას. პირიქით, ივანიშვილის სურვილს, მოგვარდეს რუსეთთან არსებული პრობლემები, მეტი დამაჯერებლობა ექნება როგორც ქართველი ამომრჩევლის, ისე, სხვათა შორის, საკუთრივ რუსი პოლიტიკოსების თვალში. ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც წინასაარჩევნო ქმედებების კოორდინაციას გულისხმობს და არა ერთმანეთში აღრევას, არც დასავლეთისთვის იქნება მიუღებელი.”

კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრ გუგული მაღრაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება ”ახალ თაობაში”: ”პარტია უკვე გატარდა რეგისტრაციაში და 27 მაისიდან საარჩევნო კამპანია ცხადდება. კიდეც რომ ვერ იყოს ივანიშვილი პარტიის ლიდერი ამ არჩევნების წინ, ეს ხელს არ უშლის. უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალაა ”ქართული ოცნება”. პირიქით, ეს ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი იარაღი, რომ ხალხს გავაგებინოთ, როგორი ძლიერია ივანიშვილის პიროვნება პოლიტიკურადაც და როგორი საშიშია სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ის იმასაც ვერ ბედავს, ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს.”

”რეზონანსი” წერს, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში ორმა მსჯავრდებულმა - ანა მაზანაშვილმა და ნატალია ბადალიანმა - 7 მაისს შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს, ”რეზონანსისთვის” უთქვამს, რომ პატიმრებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - შეწყალების კომისიამ გულდასმით და ობიექტურად განიხილოს მათი საქმეები. გელა ნიკოლაიშვილი კორესპონდენტს იმასაც ეუბნება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მისი ტელეფონი დაბლოკილია და თითქმის ერთი თვეა ციხეებიდან პატიმრები ვეღარ უკავშირდებიან.

”24 საათში” მწერალ ლაშა ბუღაძის მიერ ნიუ-იორკიდან გამოგზავნილი წერილი ქვეყნდება, სათაურით ”PENდღიური”. ის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შესახებ ჰყვება. ერთი ეპიზოდი: ”თქვენს მონა-მორჩილს წილად ხვდა პატივი, ლიფტში გაჭედილიყო სალმას რაშდისთან ერთად. უფრო სწორად, ეს მე მეგონა, რომ გავიჭედეთ, თორემ ლიფტი ”უგრძნობლად” მიიწევდა ზევით. მართალია, რაშდის უკვე აღარავინ დასდევს მოსაკლავად (შეგახსენებთ, ”სატანური ლექსების” გამო 1989 წელს აიათოლა ხომეინიმ ”ფატვა” გამოუცხადა მწერალს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი გაუქმდა), მაგრამ მე მაინც შევშინდი - რა იცი, ვინ გვჭედავს!”.
XS
SM
MD
LG