Accessibility links

სტამბოლში ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებრივი დიალოგის სერიას „თვალსაზრისი“ ჰქვია და ის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2008 წლის დეკემბრიდან იმართება. ამ ფორმატის თავისებურება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასში მონაწილეობს როგორც კერძო პირი და თავისი ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს. ამიტომ მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც პროცესს განიხილავენ როგორც სახალხო დიპლომატიის მიმართულებას. დიალოგში ქართული და ოსური მხრიდან 8–8 ადამიანია ჩართული. დასაწყისშივე შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ისე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. საინტერესო იყო დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვა. ოსმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ, ახალი ხელისუფლების ფორმირების პარალელურად, ცხინვალში სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრის ლირა კოზაევას აზრით, სამოქალაქო დიალოგის ფორმატშიც თამასა სულ უფრო მაღლა იწევს. მონაწილეები, მიუხედავად განსხვავებული თვალსაზრისისა, ერთმანეთისადმი პატივისცემით არიან განწყობილნი, რაც ფორმატის სწორ მიმართულებაზე მეტყველებს.

სამოქალაქო დიალოგის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება. საზოგადოებრივი დიალოგის ამ რაუნდს 14 უცხოელი სტუმარი აკვირდება. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პოლიტიკური დიალოგის დეფიციტის პირობებში ბუნებრივია, რომ ინტერესი სახალხო დიპლომატიის მიმართ იზრდება, თუმცა პოლიტიკური დიალოგის გარეშე საქმე წინ მაინც ვერ წავა. ამიტომ უცხოელი დონორები ცდილობენ, რომ დიალოგი ამ დონეზე მაინც შენარჩუნდეს.

შეხვედრის ორგანიზატორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალენ ნანი ამბობს, რომ ეს შეხვედრები მონაწილეებს აძლევს საშუალებას უშუალოდ გაუგონ ერთმანეთს და მიიღონ ინფორმაცია ორივე მხარეს არსებული ვითარების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება, აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემები და, უბრალოდ, განმტკიცდეს ნდობა.

ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი „თვალსაზრისი“ კვირის ბოლოს დასრულდება - შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებს, ერთობლივი პროექტების იდეებს. სტამბოლის შეხვედრის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მშვიდობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG