Accessibility links

logo-print

თბილისი მოსკოვის ბრალდებებს სერიოზულად არ განიხილავს


თბილისი ”აბსურდულს” უწოდებს რუსეთის ბრალდებებს შესაძლო ტერაქტებთან საქართველოს სპეცსამსახურების კავშირზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 მაისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”რუსეთის სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, მაღალჩინოსნები და ე.წ. „ანონიმური წყაროები" რეგულარულად ავრცელებენ მსგავს აბსურდულ და უსაფუძვლო პროპაგანდისტულ განცხადებებს.” საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვმა ვერც ერთხელ ვერ წარმოადგინა ”თავისი ბრალდებების დამადასტურებელი, თუნდაც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება.” რუსეთის მიერ 10 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური უშიშროების სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში იარაღის მასშტაბური სამალავები აღმოაჩინა, რომელთა სამიზნესაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტები წარმოადგენდა. მოსკოვი იუწყება, რომ იარაღი აფხაზეთში „საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა შეიტანა. მსგავსი შინაარსის განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმაც გამოაქვეყნა. „აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში“, – განაცხადა 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG