Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების შედეგებს განიხილავს


11 მაისს გაიმართა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა, რომლის მთავარ მიზანსაც ამომრჩეველთა მომაცემების ”კარდაკარ” გადამოწმების პროცესის შეფასება წარმოადგენდა. კომისიის თავმჯდომარის, პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებულია და მონაცემთა საერთო ბაზაში ასახულია თბილისში მცხოვრები 100 ათასი ამომრჩევლის მონაცემები. დამატებით მასალებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან კომისია უახლოეს დღეებში ელოდება. მამუკა კაციტაძის განცხადებით, დაახლოებით 10 დღეში კომისიას უკვე ექნება ნახევარი მილიონი ამომრჩევლის მონაცემები და ტენდენციებზე საუბარიც სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. თუმცა უკვე გამოვლენილია არაერთი ხარვეზი. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოპერატორთა 25-კაციანმა ორმა ჯგუფმა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ერთი დღის განმავლობაში აღმოაჩინა 300-ზე მეტი გარდაცვლილი, საზღვარგარეთ წასული 4 ათასზე მეტი ადამიანი და 3 ათასზე მეტი შემთხვევა ე.წ. ”მიწერებთან” დაკავშირებით. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ კარდაკარ გადამოწმების საველე სამუშაოები 24 აპრილს დაიწყო. პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება, ხოლო 1 აგვისტოს საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG