Accessibility links

ბათუმი ეუთოს კონფერენციას მასპინძლობს


11-დან 14 მაისამდე ბათუმში იმართება საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია, რომელიც ეუთოს სივრცეში ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, მდგრადი განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეუთოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 250-ს შეადგენს და მათ შორის არის 30 ქვეყნის 100-ზე მეტი პარლამენტარი. იმავე წყაროს მიხევით, კონფერენციაზე განსახილველი მთავარი თემებია: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის განმტკიცება, საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროების განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა. 11 მაისი ეთმობა სტუმრების მიღების პროცესსა და საზეიმო ვახშამს, ხოლო 12 მაისიდან - სასტუმრო ”შერატონში” - დაიწყება კონფერენციის ოფიციალური ნაწილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფტიმიუსი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სიტყვით გამოსვლის საშუალება ასევე მიეცემათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და კონფერენიაზე მოწვეულ სტუმრებს.
XS
SM
MD
LG