Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა ლაბაძე - მოცეკვავე


6 მაისი, კვირა
გუშინ ძალიან გვიან დავიძინე. ამიტომ დღეს თავს უფლება მივეცი, ცოტა მენებივრა. მაღვიძარას ადგომამდე ერთი საათით ადრე ვაყენებ ხოლმე, რომ მოწესრიგება მოვასწრო. დღეს თერთმეტის ნახევარზე დაიწყო რეკვა...

ავდექი. ისევ კონკურსზე ვფიქრობ - ფინალი ახლოვდება და ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშო.

დილა - როგორც ყოველთვის: ერთი ფინჯანი ყავა.

მთელი დღით გავდივარ და ამიტომ ყველაფერი ჩავალაგე, რაც დღეს დამჭირდება: ფეხსაცმელი, სარეპეტიციო კაბა, კოსმეტიკა, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. ერთხელ სახლში დამრჩა და სასწრაფოდ უკან დავბრუნდი, რომ თავი კარგად მეგრძნო. შეიძლება მთელი დღე არც დამჭირდეს, მაგრამ რაღაცნაირად დაცულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემი კოსმეტიკა თან მაქვს.

სარეპეტიციო დარბაზში, როგორც ყოველთვის, პირველი მივედი. 15 წუთი მრჩებოდა იმისათვის, რომ გამომეცვალა, უბრალო ვარჯიშები დამეწყო და გავხურებულიყავი. მაგრამ დღეს ეს „უბრალო ვარჯიში“ აღარ იყო - გადაღლილი ვარ და ძალიან გამიჭირდა. თავს ვებრძოდი ელემენტარული მოძრაობების გასაკეთებლად. სხეულს ძალას ვატანდი: „უნდა გავძლო!“ - ვეუბნებოდი ჩემს თავს. როცა დარბაზში სხვებიც შემოვიდნენ, თავს უკვე ნორმალურად ვგრძნობდი.

ორ ახალ ცეკვას ვსწავლობთ ფინალში შესასრულებლად. ცეკვების შესწავლა გუშინ დავიწყეთ. უმძიმესი რეჟიმია და, მართლაც, რაღაცნაირი ბრძოლა საკუთარ თავთან. და ჟინი! „გავაკეთებ!“ - ვიმეორებ გულში. მოცეკვავე ვარ, მაგრამ - ბალეტის მოცეკვავე და ეს ცეკვები ჩემთვის უცხოა, სულ სხვაგვარი მიდგომა უნდა და სხვაგვარი შესრულება. ხანდახან მგონია, რომ ბალერინა რომ არ ვიყო, შეიძლება უფრო იოლიც იყოს ჩემთვის. ახლა გადაწყობა მიწევს, ძველი ჩვევებისა და შეგრძნებების დავიწყება და ახალ მოძრაობებსა და მოთხოვნებზე სხეულისა და აზრის გადალაგება.

რეპეტიცია ორ საათს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ როცა დავამთავრეთ, უკვე 5 საათი იყო. დარბაზში ხალხი გვემატებოდა. გულშემატკივრებმაც მოგვაკითხეს. სამორის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ მე ტელევიზიაში ვიყავი წასასვლელი. ხვალ დილის გადაცემა მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და მომზადება მჭირდება. გადავწყვიტეთ, რომ ტელევიზიიდან უკან დავბრუნდები და რეპეტიციას განვაგრძობთ.

წასასვლელად მოვემზადე. სამორიმ თავისი საჭმლის კოლოფი ამოიღო და ჭამას შეუდგა. საგანგებო პატარა კოლოფი აქვს, კონტეინერებით სავსე, რომლებშიც სახლში დამზადებული ჯანსაღი კვების პროდუქტები აწყვია: ბრინჯი, შოკოლადი, ნიგოზი... მოკლედ, გაშალა ეს თავისი კონტეინერები და ჭამას შეუდგა. მშვიდად იცის ჭამა და ხანგრძლივად. კარგია, რომ წასასვლელი ვარ: სანამ დავბრუნდები დაამთავრებს-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის და გამეხარდა კიდეც, რომ აქ არ უნდა ველოდო ორი საათი, სანამ თავის ჩვეულ რიტუალს დაასრულებს.
თავისუფლების დღიურები - ლიკა ლაბაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:16 0:00
გადმოწერა

ტელევიზიაში, როგორც ყოველთვის, გამომკითხეს, როგორ მიდის საქმე, თავს როგორ ვგრძნობ. ორ საათში ყველაფერი გავაკეთე: გავარკვიე ხვალინდელი სტუმრების ამბავი, მოვხაზეთ მთავარი თემები და გამოვვარდი...

სარეპეტიციო დარბაზში რომ დავბრუნდი, სამორის კვება მომთავრებული ჰქონდა. მაგრამ დარბაზი დაკავებული იყო და გული დაგვწყდა, რომ ვარჯიშის შესაძლებლობა არ გვქონდა. მაგრამ მერე მოვიფიქრეთ: ფანჯრიდან სახურავზე გადავძვერით და იქ განვაგრძეთ რეპეტიცია. სუფთა ჰაერი მესიამოვნა. უკეთ გამოგვივიდა ყველაფერი. „კიდევ კარგი, დარბაზი არ დაგვხვდა!“, ვიცინოდით მერე.

სახლში რომ მივედი, არაფრის თავი აღარ მქონდა. ისევ დედა დამეხმარა, ამ დღეებში ჩემი ყველაზე დიდი მშველელი. სავარძელში ჩავეშვი, დედაჩემი კი მილაგებდა. მე ვკარნახობდი, რა მჭირდება ხვალისათვის: ის, რაც დილით უნდა ჩავიცვა ტელევიზიაში; ის, რაც შემდეგ დამჭირდება რეპეტიციისთვის; ათასი სხვა წვრილმანი. ხვალ დილით რომ გავალ, საღამომდე ვეღარ დავბრუნდები და ყველაფერი თან უნდა მქონდეს. ამ დღეებში სულ ასეა. დედა მილაგებს, მე ძალებს ვიკრებ. ხვალ განსაკუთრებით მძიმე დღე მელის.

7 მაისი, ორშაბათი
დილის 5 საათზე ავდექი. ექვსზე ტელევიზიაში ვიყავი, რვის ნახევარზე ეთერი დაიწყო. ჩემი თანაწამყვანები, ნანა და გიორგი, მახალისებდნენ. ორსაათნახევრიანი ეთერიც მალე დასრულდა. ამ დღეებში რაღაც განსაკუთრებულად სწრაფად გარბის დრო.

რეპეტიცია ისევ პირველის ნახევარზე მეწყება და მანამდე დრო მაქვს. გადავწყვიტე, მაღაზიებში გამევლო, რომ ცოტა გავხალისებულიყავი. ვერაფერი ვიყიდე. მაინც გული გავიხარე!

დარბაზში ისევ პირველი მივედი. ამჯერად საკუთარ თავთან ჩვეული ბრძოლა არ მქონია - გუშინდელი ხუთსაათიანი რეპეტიცია „შემერგო“ და თავდაჯერებულობა მომემატა. ათასი რამე მქონდა მოსაწესრიგებელი და ვნერვიულობდი. კოსტიუმის მოსაზომებლად უნდა მივსულიყავი, თავიც უნდა მომეწესრიგებინა. ამ დღეებში ამისათვის დრო საერთოდ აღარ მრჩება.

მე და სამორის განსაკუთრებით გვახარებს, რომ გულშემატკივრები ყოველდღე გვაკითხავენ, ავტოგრაფებს გვთხოვენ, გვამხნევებენ. ამაზე უკეთესი სტიმული ასეთ დროს არ არსებობს! მაგრამ დღეს განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოვიდა - პრესა, ტელევიზიები... ყველა კეთილგანწყობილია. გვახალისებენ, წარმატებებს გვისურვებენ. მაგრამ სამორი ბრაზობს - თუ გულშემატკივრობა გინდათ, დროს ნუ გვაკარგვინებთ, რეპეტიცია გვაცადეთ, თორემ ვერ ვიცეკვებთ და კეთილი სურვილები აღარ გვიშველისო.

რეპეტიცია ძალიან დიდხანს გაგრძელდა. დღეს ისევ ორსაათიანი შუალედი გვაქვს, მაგრამ სამორიმ ამასობაში უკვე ამოწურა თავისი საგანგებო კოლოფის რესურსები და საჭმელი აღარ ჰქონდა. მეც მომშივდა და გადავწყვიტეთ, რამე გვეყიდა. ქალაქში გავედით. ვინც გზად გვხვდებოდა, ყველა გვიღიმოდა და გვესალმებოდა. „სამორი და ლიკა!“, ისმოდა ჩვენ გარშემო. კარგი გრძნობაა.

საჭმელი ვიყიდეთ და სარეპეტიციო დარბაზში დავბრუნდით. რეპეტიციები სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ შენობაში გვქონდა. სამორის სტუდიის ეზოში საგანგებო ადგილი აქვს შერჩეული, ჩამოჯდება ხესთან და ისვენებს. ამისათვის თან საკუთარი ბალიშიც დააქვს. მოკლედ, ეს ადგილი მაჩვენა, ბალიშიც დააძრო... ჩამოვსხედით, წავიხემსეთ და კარგი დასვენებაც გამოგვივიდა.

მერე - ისევ სამსაათიანი რეპეტიცია.

სახლში რომ მივედი, ხმის ამოღების თავიც აღარ მქონდა.

8 მაისი, სამშაბათი
ცუდ გუნებაზე გავიღვიძე. ფინალი ახლოვდება.

„ტელეიმედის“ პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ უკვე სამი თვეა, გრძელდება. აქამდე სულ შემართული ვიყავი. დღეს რაღაც დამემართა. ხვალ ბოლო დღეა. არ ვიცი, რა იქნება და ვნერვიულობ. ახლა უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება: ვეღარც მეტს ივარჯიშებ, ვეღარც მოუმატებ, ვეღარც დააკლებ - რაც არის, ეგ არის! ბედს მინდობილი ვარ და ისღა დამრჩენია, მჯეროდეს, რომ გავიმარჯვებთ.

სარეპეტიციო დარბაზში მივდივარ და გზადაგზა ვცდილობ, ხასიათი გამოვიკეთო. ათასი ჭორი გავიგე ამ დღეებში ჩემსა და სამორის შესახებ. ეს ჭორები მახსენდება და ვმხიარულდები. ამ რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში ვიყავით რეკვიზიტების საყიდლად. წამოსულები არ ვიყავით, რომ ჭორი დაგვეწია: სამორი და ლიკა დაქორწინდნენ და დღეს მაღაზიაში იყვნენ თავიანთი ახალი სახლისთვის რაღაცების საყიდლადო. მერე ფეისბუკზეც ვნახე „ახალი ამბავი“: სამორი და ლიკა ტურისტულ სააგენტოში იყვნენ, საქორწინო მოგზაურობას გეგმავდნენო.

დარბაზში რომ მივედი, უკვე კარგ გუნებაზე ვიყავი. თანაც უამრავი ხალხი დამხვდა! დღეს ყველა მონაწილეა მოსული, ხვალ ფინალია და გალაკონცერტისათვის უნდა მოემზადონ. მათმა ნახვამ გამახარა. თანაც, განსაკუთრებით ბევრი გულშემატკივარი მოვიდა.

ორი ცეკვა გვაქვს მომზადებული. დღეს ორივე ათ-ათჯერ მაინც გავიარეთ. მერე ქორეოგრაფებმა გვითხრეს, ამაზე უკეთესი მაინც არ იქნებაო, და გაგვიშვეს.

ხვალ ეთერი მაქვს. ამ სამი თვის განმავლობაში არც ერთი დილა არ გამიცდენია. დღეს ვიფიქრე, იქნებ ხვალ მაინც არ წავიდე-მეთქი - რაც უნდა იყოს, ფინალია და კონცენტრირება მჭირდება. მერე გადავიფიქრე და დილის დაგეგმვა დავიწყე...

9 მაისი, ოთხშაბათი
დილა ისევ 5 საათზე დავიწყე და ვიფიქრე, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სამსახურში რომ წამოვედი. რაღაც მიხაროდა დილიდან. თან ვფიქრობდი, რა გიხარია, ვინ იცის, რა გელის-მეთქი...

დღეს რეპეტიცია უკვე რუსთაველის თეატრში გვაქვს. 4 საათზე გვეწყება და მანამდე დრო მაქვს, რომ გამოვიძინო.

ამჯერად მეც წავიღე თან პატარა ჩემოდანი. საკონკურსო დღეებში მეც სამორისავით დავდივარ: თან დამაქვს ბანანი, ნიგოზი, შოკოლადი და წყალი. დანარჩენზე არც ვლაპარაკობ: კოსმეტიკა, აქსესუარები, ნემსი და ძაფი....

დედა მაცილებს. ამ დღეებში სულ მეხუმრება, შავი გედი ხარო და ნატალი პორტმანს მადარებს ამ ფილმიდან. მართლა ჩემს თავთან ბრძოლა იყო ეს სამი თვე ჩემთვის: სამეჯლისო ცეკვების სოლისტის როლში შესვლა და თავის გადაკეთება. ამიტომ დღეს, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, კლასიკური მუსიკა ჩავრთე. მერე „გედების ტბასაც“ მოვუსმინე. ამან გამახსენა, რომ ბალერინა ვარ და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ახლა ნებისმიერი როლის მორგება შემიძლია ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო.

ჩვენს მყუდრო გასახდელში შევდივარ და იწყება მზადება: ვარცხნილობა, გრიმი, კოსტიუმის მორგება, სცენაზე გავლა...

10 საათიც შესრულდა. ის მეხმარება, რომ სამორიც ჩემნაირ განწყობაზეა და არ ნერვიულობს. დღეს, უბრალოდ, გვინდოდა გვეცეკვა და ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდით სცენაზე.

მერე რაც იყო, ბევრმა იცის. ეთერი ღამის პირველ საათზე დამთავრდა - ჩვენ გავიმარჯვეთ!!!

10 მაისი, ხუთშაბათი
წუხელ მხოლოდ სამი საათი მეძინა - მთელი ღამე აღვნიშნავდით წარმატებას! დილიდან კი უამრავი გადაცემა მოვიარეთ - ყველგან ვიყავით მიწვეულები.

მივხვდი, რომ უსაშველოდ მიხარია, ყველაფერი რომ დასრულდა. აღარ იქნება მომქანცველი რეპეტიციები, აღარ შევალ იმ დარბაზში, აღარ ვინერვიულებ.

დამრჩა მხოლოდ უცნაური სიმსუბუქის გრძნობა და სიხარული. უფრო იმიტომ, რომ ამდენი სითბო და სიყვარული ვნახეთ, თითქოს მთელ საქართველოს უხაროდა ჩვენი გამარჯვება.

პირველ არხზეც შევირბინე. იქაც მომილოცეს. მეგობრებისთვისაც მოვიცალე...

ისე მოვეშვი, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა, მეგობრების სახელებიც კი!

სახლში გვიან მივედი. მინდოდა, განვლილი დღეები აღმედგინა. ვიფიქრე, ჩავრთავ და ვუყურებ ჩვენს ცეკვას-მეთქი, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვეღარ შევძელი.

ჩამეძინა. დედამ მითხრა, რომ ძილში თურმე მეღიმებოდა.

11 მაისი, პარასკევი
ისევ დილის გადაცემა - ისევ 5 საათზე რეკავს მაღვიძარა.

ეთერი ისევ მალე დასრულდა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად შემერგო. მხოლოდ გადაცემაზე ვფიქრობდი, სხვა აღარაფერი მაწუხებდა.

ეთერის მერე გამოვიძინე და ძალიან მხნედ გავიღვიძე. დღეს მინდოდა, ყველაფერი მომესწრო, რაც ამ დღეებში დავიკელი.

ვჭამე ყველაფერი, რაც მენატრებოდა. აღარ ვფიქრობდი, რომ მოვიმატებ და დავმძიმდები.

მერე - ისევ სატელევიზიო სტუმრობა. დავიფიცე, აღარ ვიცეკვებ-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც მაცეკვეს.

საღამოს მე და სამორი სუხიშვილების კონცერტზე ვიყავით. იქაც ყველა სიყვარულით გვეგებებოდა. როცა სცენაზე ქართული და აფხაზური ცეკვების შესრულება დაიწყეს, მე და სამორი კინაღამ ფეხზე წამოვხტით და ავყევით. ამ ცეკვებს ჩვენც ვასრულებდით კონკურსზე და ამ საღამომ თითქოს ისევ ჩვეულ რიტმში დაგვაბრუნა.

12 მაისი, შაბათი
დღეს სიმშვიდეა. დილასაც დრო მაქვს. ჩვეული და მონატრებული შაბათი დილაა. ყავა, მუსიკა, აივანზე ნებივრობა...

მინდოდა, ისევ მეყურებინა ოთხშაბათის შოუსთვის, მაგრამ ისევ გადავიფიქრე. თუმცა უკვე მენატრება.

უნდა დავისვენო. მართლა უნდა დავისვენო! მერე კი ვნახოთ...
XS
SM
MD
LG