Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში იმართება მოლაპარაკება მმართველი კოალიციის შესაქმნელად


საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა დღეს დაიწყო მოლაპარაკება სამი წამყვანი პარტიის ლიდერებთან კოალიციური მთავრობის შესადგენად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ახალ მთავრობას მოუწევს, მიიღოს მომჭირნეობის ზომები, რომლებიც მოსახლეობაში მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ მათი მიღება სახელდება პირობად საიმისოდ, რომ საბერძნეთს დაპირებული ფინანსური დახმარება მიაწოდონ ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. პოლიტიკის ექსპერტები არ მოელიან რაიმე გარღვევას კვირის მოლაპარაკებაზე. პარასკევს საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, „პასოკის“ ლიდერს, ევანგელოს ვენიზელოსსაც ხელი მოეცარა კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობისას. მას კოალიციაში მონაწილეობაზე უარი უთხრა ულტრამემარცხენე პარტიის ლიდერმა ალექსის ცირპასმა, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს უარის თქმას უცხოეთის დახმარებასთან დაკავშირებულ ზომებზე. საბერძნეთში 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში მორიგი არჩევნების ჩატარების პერსპექტივა უარყოფითად მოქმედებს საბერძნეთის აქციების, ისევე როგორც ევროს კურსზე.
XS
SM
MD
LG