Accessibility links

logo-print

რუსეთის ქალაქებში ისევ გაიმართა ოპოზიციური „სეირნობები“


რუსეთის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვში იმართება ოპოზიციური „სახალხო სეირნობები“, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნებას. ყველაზე მასობრივი „სეირნობების“ შესახებ იუწყებიან მოსკოვში ჩისტოპრუდნის ბულვარიდან და პეტერბურგში ისააკის მოედნიდან. კვირას კიროვში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც კარავი აღმართა „სეირნობის“ ჩასატარებელ ადგილას. იჟევსკში ორი აქცია მოაწყეს - დღისით და საღამოს. ოპოზიციურ „სახალხო სეირნობებზე“ შეიკრიბნენ აგრეთვე ულიანოვსკის, ნოვოსიბირსკის, ეკატერინბურგის, კრასნოდარის მცხოვრებლები. მოსკოვში დღეს კიდევ ერთი აქცია ჩატარდა - ე.წ. „საკონტროლო გასეირნება. მისმა ორგანიზატორებმა - რუსმა ლიტერატორებმა, რომელთა შორისაც არიან ბორის აკუნინი და ვიქტორ შენდეროვიჩი - გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, შესაძლებელია თუ არა მოსკოვში სეირნობა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი პუშკინის მოედნიდან ფეხით მივიდნენ ჩისტოპრუდნის ბულვარამდე, სადაც აღმართულია ოპოზიციის ბანაკი. პოლიციას ხელი არ შეუშლია აქციისათვის.
XS
SM
MD
LG