Accessibility links

logo-print

საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე მოელიან ძლიერ წვიმებს


საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეებშიც მოელიან ძლიერ წვიმებს მას შემდეგ, რაც შაბათს ღამით წყალმოვარდნამ თბილისში ხუთი ადამიანი შეიწირა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ ნალექები ნაკლებად ინტენსიური იქნება. შაბათს ღამით წყალდიდობამ ყველაზე დიდი ზარალი ორთაჭალას მიაყენა - სწორედ ამ უბანში დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაიტბორა შენობა-ნაგებობების სარდაფები, ასევე პირველი სართულები. სახიფათო ზონებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მერია დაეხმარება დაზარალებულ პირებს. "ორთაჭალჰესის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების დაღუპვა მდინარე მტკვრის ადიდებას არ გამოუწვევია. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მას "ორთაჭალჰესის" დირექტორმა ზვიად ჩუბინიძემ განუცხადა, რომ მდინარის დონე არ მომატებულა, უბედური შემთხვევა კი იმის გამო მოხდა, რომ ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო. ძლიერმა წვიმებმა და ნიაღვრებმა, თბილისის გარდა, მძიმე ზარალი გამოიწვია კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რაიონში. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის აღწერა.
XS
SM
MD
LG