Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კალანდაძე: დავით გარეჯის ნაწილი საბჭოთა პერიოდიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საბჭოთა პერიოდიდან არ არის მოქცეული საქართველოს საზღვრებში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყაროდ იქცა, სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს. დავით გარეჯის მონასტრის სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისიდან კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერთან განლაგდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ტერიტორიაზე არავის უშვებენ, უდაბნოს მონასტერს კი, აზერბაიჯანული მხარე ალბანური კულტურის ძეგლად აცხადებს. ნინო კალანდაძის თქმით, ამ საკითხის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან და შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანის ელჩთანაც. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი დღემდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს, სირთულეებს უკავშირდება და საბოლოო შეთანხმებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG