Accessibility links

logo-print
”გარემოსდამცველები თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ” – ეს ”რეზონანსის” სტატიის სათაურია. გაზეთისთვის ”მწვანეთა პარტიის” ლიდერს განუცხადებია, რომ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვას და თბილისის მერისა და საკრებულოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აპირებს. ”იმ ღამეს თბილისში ისეთი ძლიერი წვიმა არ ყოფილა, რომ ასეთი უბედურების დატრიალება შეეძლო. მსგავსი ნალექები ხშირად მოდის ხოლმე და ამაზე უფრო ძლიერიც, მაგრამ ადრე ასეთ ტრაგედიას არ იწვევდა”, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე, რომლის აზრითაც, დედაქალაქის მთავრობა ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.

”24 საათიდან” შეიტყობთ, რომ ” ‘სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’ კანონში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილების მიხედვით, რიგ შემთხვევებში ყადაღას სოციალურად დაუცველი ოჯახების ქონებაც დაექვემდებარება. აქამდე ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალული იყო იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონებაზე ყადაღის დადება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ქონება ყადაღას დაექვემდებარება მაშინ, თუ ის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არის გამოყენებული”.

დღეს რამდენიმე გაზეთი წერს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის გადაწყვეტილების შესახებ, როგორც თავად განაცხადა, დამდგარიყო ”ქართული ოცნების” გვერდით. ამ ფაქტს ”ალია” აშუქებს დაწვრილებით. ზურაბ ზვიადაურმა ”ქართული ოცნების” ოფისში ჟურნალისტებს უთხრა: ”ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო, სხვათა შორის, რომ გაიგეს, მე მოვედი ”ქართულ ოცნებაში”. იყო ზეწოლებიც, მაგრამ... არ დავკონკრეტდები მე ამაზე, მინდა გითხრათ, იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადულია...”. ”ახალი თაობა” წერს ”სააკაშვილი ზვიადაურს დაემუქრაო”, და მკითხველს ახსენებს თბილისში წყლის მოვარდნით დაზარალებულებთან შესახვედრად მისული მიხეილ სააკაშვილის მკაცრ კომენტარებს იქვე არსებული ”ოლიმპიური ვარსკვლავის” შეჩერებული მშენებლობის შესახებ.

”ალიას” ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოზარ სუბარი განუმარტავს, რომ ”არასწორად გავრცელდა ინფორმაცია” ”ქართული ოცნების” მიერ ფონდ ”ქომაგის” შექმნის შესახებ: ”ამას აკეთებენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ია მეტრეველი. მას ყველა იცნობს და ის გახლავთ ბუტა რობაქიძის დედა, რომელსაც შვილი უსამართლოდ მოუკლეს...” - აცხადებს სუბარი. ”ალიაში” ია მეტრეველთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს, რომ ”ქომაგი” საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის თავმჯდომარე თავად არის და ფონდის დამფუძნებლები არიან მარინა ჯანაშია, ლევან გორდეზიანი და კოტე ჯანდიერი.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ბლოგის ტექსტს, რომლის სათაურია ”რატომ მინდა, რომ ჩამრეცხოთ” - ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს”. წერილი ასე სრულდება: ”აღარ მინდა რევოლუცია და ქუჩის აქციები! მინდა, საქართველოში ოდესმე დადგეს დრო, როცა კარიერის გაკეთებისთვის, საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ფულის შოვნისა და ოჯახის შენახვისთვის პარტიული კუთვნილება და ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება კი არა, პროფესიონალიზმი და მონდომება იქნება საჭირო! პოსტრევოლუციურ ქვეყანაში კი ეს შეუძლებელია”.
XS
SM
MD
LG