Accessibility links

logo-print

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობა გრძელდება


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, თბილისში 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისია საზღვრის დემარკაციის საკითხზე მუშაობას განაგრძობს, საზღვრის დიდი ნაწილი შეთანხმებულია და დარჩენილია რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი. მანჯგალაძემ ყველას მოუწოდა, რომ მსგავს ფაქიზ თემებს სიფრთხილით მოეკიდონ. დავით გარეჯის ბერებმა უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგების ინფორმაცია გასულ კვირაში გაავრცელეს, 14 მაისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყაროდ იქცა, სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დღეს განმარტება მოითხოვა პარტიამ ”საქართველოს გზა,” რომელმაც კალანდაძის შეფასებას უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური უწოდა. ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა კი, 14 მაისს საღამოს განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მისი მუშაობის პერიოდში აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას საუბარი იყო საზღვრის ორ დაუდგენელ მონაკვეთზე დავით გარეჯთან და წითელ ხიდთან და ეს საკითხი პრეზიდენტების დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო.
XS
SM
MD
LG