Accessibility links

logo-print

თბილისის მერია კრწანისის უბანში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა


თბილისის მერია დღეს გამოეხმაურა დედაქალაქის წყალდიდობით დაზარალებულ კრწანისის უბანში ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ადგილობრივ მცხოვრებთა მონაწილეობით 14 მაისს მომხდარ ინციდენტს. მერიის განცხადებით, ”ქართული ოცნების” აქტივისტმა გამგებლის მოადგილეს ბესიკ გაზდელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ ინციდენტისას გაზდელიანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ”მიუხედავად ამისა, თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს თითოეულ თანამშრომელს, მაქსიმალურად აარიდონ თავი მსგავს ვითარებას და შეურაცხყოფის პირობებშიც კი თავშეკავება გამოიჩინონ” - ნათქვამია მერიის განცხადებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა და დასვან შეკითხვები, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან. თავის მხრივ, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრებმა 14 მაისს მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე დაადანაშაულეს და ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს.
XS
SM
MD
LG