Accessibility links

logo-print
უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ჯერ შევჩერდებით გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ბლოგზე სათაურით „მშენებარე საქართველო“.

ბლოგის ავტორი, ჰეილი სვიტლენდ ედვარდსი წერს: „ახალი გვირაბები, რკინიგზის ხაზები, ავტომაგისტრალები, ნავსადგურები, პარკები და საჯარო დაწესებულებები თითქოს ერთი ხელის მოსმით ჩნდება, ისევე როგორც ახალი კაშკაშა ტურისტული ადგილები, როგორიცაა სიღნაღი და მესტია - დასახლებები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ომის შემდგომ გაჩანაგებულ იტალიას მოგაგონებდა. დღეს ეს დასახლებები თავს იწონებს ახლად მოკირწყლული ქუჩებით, განახლებული ფასადებითა და ვიზიტორთა მრავალენოვანი ცენტრების გაკრიალებული შენობებით. ეს, მკვეთრი განვითარება, ერთი შეხედვით შთამბეჭდავია და მას ხშირად იშველიებს მთავრობა ევროპული სახელმწიფოებრიობისაკენ საქართველოს სწრაფი პროგრესის მტკიცებულებად, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს“ - წერს ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული ბლოგის ავტორი და იმის დასასაბუთებლად, რომ „ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს“, იშველიებს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ ბოლოდროინდელ ანგარიშს მესაკუთრეთა უფლებების დარღვევაზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიწის მესაკუთრეები საქართველოში ბევრჯერ აღმოჩენილან იმის მოწმე, რომ მათი საკუთრება სახელმწიფოს ხელში გადადიოდა, ხშირად სრულიად უკანონოდ, არადა, ეს სულაც არ არის საჭიროო, აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი. „საქართველოს აქვს კარგი კანონები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესს. მთავრობას, რომელიც მართებულად ისახავს მიზნად როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, შეუძლია მათი გამოყენება საკუთარი მიზნების სასარგებლოდ. ამ გზით სიარული, სავარაუდოდ, შეანელებდა განვითარების თავბრუდამხვევ ტემპს ამ პატარა ქვეყანაში, მაგრამ შედეგად დაიცავდნენ ზუსტად იმ ფასეულობებს - დემოკრატიას, კაპიტალიზმს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას - რომლებზეც საქართველო აფუძნებს თავის რეპუტაციას“, ვკითხულობთ ჰეილი სვიტლენდ ედვარდსის ბლოგში, რომელიც მან საქართველოში დაწერა „ნიუ-იორკ ტაიმსისათვის“.

რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის BBC-ი და “უოლ სტრიტ ჯორნალი” ეხმიანება რუსეთის უშიშროების ძალების 10 მაისის განცხადებას, რომ აღკვეთეს სოჭში 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტერაქტების მოწყობის გეგმა. ამ განცხადებას და ბრალდებას, რომ ტერაქტებს ამზადებდა „საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი, მოკლე სტატიები ეძღვნება. მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ის კატეგორიულად უარყოფს რუსული მხარის ბრალდებას. მოყვანილია აგრეთვე ინფორმაცია რამდენიმე ფაქტზე - მათ შორის საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე და სოჭის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებაზე.

საინტერნეტო გამოცემა EuropeanVoice.com, რომელიც თავს უწოდებს დამოუკიდებელ ხმას ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომენტარის სახით აქვეყნებს დავით უსუფაშვილის სტატიას სათაურით „ქართულ დემოკრატიას ევროკავშირის დახმარება სჭირდება“. უსუფაშვილი - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი - სტატიას იწყებს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მითითებით და გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირი კვლავაც გულდასმით დააკვირდება საქართველოს „ახალგაზრდა დემოკრატიას“ - დააკვირდება, უწევენ თუ არა თბილისში ანგარიშს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებას, საქართველოში „ჭეშმარიტად მრავალპარტიული სისტემის შექმნისაკენ“.

უსუფაშვილი სკეპტიკურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ მოთხოვნის შესრულების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობას, მისი თქმით, იგნორირებული აქვს ევროპის საბჭოს და არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, გააუმჯობესოს ვითარება დემოკრატიის მხრივ. ამავე სტატიაში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე წერს: „ჩემი პარტია შედიოდა კოალიციაში, რომელმაც 2003 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა სააკაშვილი, მაგრამ „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებული იმედი მალე გაქარწყლდა. ჩვენ 2004 წლის დასაწყისში დავტოვეთ მმართველი კოალიცია, როცა ნათელი გახდა, რომ სააკაშვილს საკუთარ ხელში სურდა ძალაუფლების კონცენტრაცია, სამართლებრივ სისტემაზე, მედიასა და ბიზნესზე ტოტალური პოლიტიკური კონტროლის დამყარება. 2007 წელს ოპოზიციის სასტიკად დარბევის შემდეგ, ამ ავტორიტარულმა და გაუწონასწორებელმა მმართველმა 2008 წელს ქვეყნისათვის კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთთან ომში გაუძღვა საქართველოს“, ვკითხულობთ დავით უსუფაშვილის სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს საინტერნეტო გამოცემა EuropeanVoice.com. რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ის, უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკური პროცესებისადმი სააკაშვილისაგან განსხვავებულ მიდგომას ემხრობა.

„ჩვენ გვსურს ქვეყანა, რომლის მთავრობაც ანგარიშვალდებულია და არა „ძლიერი მმართველი“, რომელიც თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ სერიოზულად ჩავერთვებოდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ მოლაპარაკებაში ევროკავშირის ხელმძღვანელობით, დავადასტურებდით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილს. მაგრამ ჩვენ არ ვთხოვთ ევროკავშირს, ან რომელიმე სხვა გარეშე ძალას ფავორიტიზმს - ვთხოვთ მხოლოდ სამართლიანობას“, წერს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე სტატიაში სათაურით „ქართულ დემოკრატიას ევროკავშირის დახმარება სჭირდება“.
XS
SM
MD
LG