Accessibility links

logo-print

პროკურატურამ შეწყვიტა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება 2010 წლის ტერაქტებისთვის მსჯავრდებულებთან


საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურამ მოლაპარაკება შეწყვიტა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ მის მიერ შეთავაზებული პირობები მსჯავრდებულებს არ აკმაყოფილებდა. ამავე სააგენტოს ცნობით, ვექილიანის განცხადების შემდეგ, მოსამართლე ბებიაშვილმა პროცესის გადადება გადაწყვიტა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გოგიტა არქანიას ადვოკატის, ჯონი ქობალია განცხადებით, შეთავაზებული პირობა, საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 30-წლიანი პატიმრობის 22 წლამდე შემცირება არქანიას აკმაყოფილებდა და უცნობია, რატომ შეწყვიტა პროკურატურამ მასთან მოლაპარაკება. გოგიტა არქანიას ძმა, გოდერძი არქანია წინა სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, თუმცა დღეს მისმა ადვოკატმა მამუკა ქირიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულს შეთავაზებული პირობები აღარ აკმაყოფილებს. 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო შსს-მ სულ 12 პირი დააკავა, რომელთაგან ამჟამად სასჯელს 7 იხდის.
XS
SM
MD
LG