Accessibility links

საკრებულომ მხარი დაუჭირა წყალდიდობის გამო სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარის გამოყოფას


თბილისის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა12 მაისს მომხდარი წყალდიდობის გამო მერიის სარეზერვო ფონდისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას. გადაწყვეტილების მიღებამდე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თინა ხიდაშელი, ზურაბ აბაშიძე, ზაზა გაბუნია და სხვები ითხოვდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რისთვის უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა გობეჯიშვილმა განმარტა, 3 მილიონი ლარი განკუთვნილია სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების დაქირავებისა და დაზიანებული სახლების აღდგენისთვის. საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი ასევე დაინტერესდა რატომ კონკრეტულად 3 მილიონი, რადგან წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაძლოა საჭირო იყოს გაცილებით მეტი თანხა. ამ განცხადების საპასუხოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკო ხაჩირიშვილმა განმარტა, რომ წყალდიდობის გამო ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა და ზარალის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თინა ხიდაშელმა ასევე მოითხოვა მონაცემები იმ კომპანიებისა, რომლებმაც თბილისში კოლექტორებისა და სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში 2008 წლიდან დღემდე გაიმარჯვეს. ხიდაშელის თქმით, 2009 წლის 25 ნოემბრიდან კომპანია ”თბილისის წყლის” გასხვისების შემდეგ გაურკვეველია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაზე.
XS
SM
MD
LG