Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ჟურნალისტებზე ზეწოლის ამსახველი მასალა წარმოადგინა


კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის” მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერს გაუგზავნა რეგიონულ ჟურნალისტებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების და პრეზიდენტისა და მინისტრების დაცვის წევრთა ზეწოლის ამსახველი ფაქტობრივი მასალა. მისი განცხადებით, მანანა მანჯგალაძემ 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აკრედიტებული ყველა ჟურნალისტი სარგებლობს სრული უფლებით, დაესწროს მიხეილ სააკაშვილის ღონისძიებებს და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ღონისძიებებზე დაშვების უფლება არ ჰქონოდა მედიის რომელიმე წარმომადგენელს. თავის მხრივ, კოალიცია აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საპირისპიროზე მეტყველებს თავად რეგიონული მედიის წარმომადგენელთა მონათხრობი, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში მათ პროფესიული საქმიანობის გახორციელებაში ხელს უშლიდნენ სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პრეზიდენტისა და სხვადასხვა მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები ასახელებენ კონკრეტულ პირებსაც, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ირმა ნადირაშვილს და პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ნათია ბანძელაძეს. ”ამ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა კი საკუთარი უფლებების შელახვის გამო სამართალდამცავებს მიმართა, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის” - ნათქვამია კოალიციის მიერ მანანა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.
XS
SM
MD
LG