Accessibility links

logo-print
ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალის პროკურორების განცხადებით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს საიმისოდ, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი გენერალი, რატკო მლადიჩი, დამნაშავედ იქნეს ცნობილი 1992-1995 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის დროს მუსულმანების, ხორვატებისა და სხვა არასერბი მოსახლეობის განადგურების მიზნით კამპანიის წარმოებაში.

ამ განცხადებით გამოვიდნენ პროკურორები ოთხშაბათს ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, სადაც მლადიჩის პროცესი მიმდინარეობს.

70 წლის მლადიჩისთვის წაყენებული 11 ბრალდება მოიცავს გენოციდს, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. თავად ბრალდებული დანაშაულთა ჩადენას არ აღიარებს.

პროკურორმა დერმოტ გრომემ თავისი გამოსვლა ასე გახსნა: „[ამ დანაშაულებს] აერთიანებს ინდივიდები, რომლებიც მათში მონაწილეობდნენ, და საერთო მიზანი, რომელიც მათ ამ დანაშაულთა ჩადენისას ამოძრავებდათ. მათ ის ფაქტი აერთიანებს, რომ მათი ნაწილი გენერალ რატკო მლადიჩის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ დანაშაულებში ნამდვილად ურევია ბატონი მლადიჩის ხელი.“

მლადიჩს ბრალად ედება 1995 წელს სრებრენიცაში 8,000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა. ეს შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტად ითვლება.
მას ასევე ბრალად ედება სარაევოს გარშემო ბოსნიელი სერბების მიერ შემორტყმული ალყის ორგანიზება - ალყისა, რომელიც 44 თვეს გაგრძელდა და ომის დაწყებას მისცა ბიძგი.

კონფლიქტს, გავრცელებული შეფასებით, 100,000-მდე ადამიანი შეეწირა. 2,2 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.


გრომეს თქმით, მლადიჩის მხრიდან მუსულმანების და სხვა არასერბი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის კამპანიაში მონაწილეობა ემსახურებოდა „დიადი სერბიის“ შექმნის მიზანს: „ოთხი დღის წინ ორი ათწლეული შესრულდა იმ დღიდან, როცა რატკო მლადიჩი რეპუბლიკა სრპსკას არმიის მთავარი შემადგენლობის ხელმძღვანელი გახდა. ეს არმია - ყოველ შემთხვევაში, ასეთი სახელით - სწორედ იმ დღეს შეიქმნა. საბოლოოდ და სრულად იმ დღეს ჩაერთო მლადიჩი იმ დანაშაულებრივ პროცესში, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. იმ დღეს ჩაიბარა მან ამოცანა, სამხედრო ძლიერებით მიეღწია ბოსნიის დიდი ნაწილის ეთნიკური წმენდის დანაშაულებრივი მიზნებისთვის.“

თავად მლადიჩი ოთხშაბათის სხდომაზე ქედმოუდრეკელი ჩანდა. ის ზემოთ აწეული ცერით და ტაშისკვრით მიესალმა თავის მხარდამჭერებს.

სხდომის მიმდინარეობისას, ერთ მომენტში, მან თვალი გაუსწორა დარბაზში მჯდომ ერთ-ერთ ბოსნიელ მუსულმან ქალს და ხელით გააკეთა ჟესტი, რომელიც ყელის გამოჭრას მიანიშნებს. ამის გამო მოსამართლემ სხდომა ცოტა ხნით შეწყვიტა და „უადგილო მიმართვების“ დასრულება მოითხოვა.

წაყენებული ბრალდების ფარგლებში მლადიჩი თავს არც უდანაშაულოდ ცნობს და არც დამნაშავედ, თუმცა ამბობს, რომ დანაშაულები არ ჩაუდენია. მისი თქმით, ის ბოსნიაში სერბების დასაცავად მოქმედებდა. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ის „ჯოჯოხეთურს“ უწოდებს და ამბობს, რომ ძალიან ავად არის და ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე წარდგომას.

მლადიჩის სახელით სასამართლომ მოითხოვა ის უდანაშაულოდ ცნონ, ფორმალურად წაყენებული ბრალდების ფარგლებში.

ექსპერტების აზრით, მისი სასამართლო პროცესი შესაძლოა სამ წელიწადს გაგრძელდეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მლადიჩს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს.

ამავე სასამართლოს წინაშეა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი და მლადიჩის ძველი მოკავშირე, რადოვან კარაჯიჩი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG