Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 მაისი, 2012


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემა დღევანდელ პრესაშიც აქტუალურად რჩება. რამდენიმე გაზეთი ბეჭდავს დავით გარეჯის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ილარიონის კომენტარებს, რომელიც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს მისცა. ”თუკი ხელისუფლებას არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, სანამ რამეს იტყვიან, დაფიქრდნენ მაინც და ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ გააკეთებენ. ეს სიტყვები იწერება ისტორიაში და ისინი ამისათვის პასუხს აგებენ ერისა და ისტორიის წინაშე”, - უთქვამს არქიმანდრიტ ილარიონს.

”საქართველოს რესპუბლიკაში” გაეცნობით მამუკა არეშიძის მოსაზრებებს. ის საკითხის ისტორიას ჰყვება და ამბობს, რომ დღეს ნერვიულობის, ისტერიკისა და აგრესიის გარეშე, საზოგადოების და ხელისუფლების კონსოლიდაციით უნდა მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა. ”მაგრამ, ეტყობა, მართალია ის ვერსიები, რომ ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია, რომელიც იმდენად ჩართულია კონკრეტულ აზერბაიჯანულ ფირმებთან ფარულ ეკონომიკურ სქემებში, ფულის გაყოფაში, რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ამიტომაც საქმე ფუჭდება”, - უთქვამს მამუკა არეშიძეს სააგენტო ”პირველისთვის”.

”რეზონანსისთვის” ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით თარხან-მოურავს, უთქვამს, რომ რამდენიმე დღეში აქციების დაწყებას, კერძოდ, დავით გარეჯში კარვების გაშლას, თბილისში კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებას აპირებენ. დავით თარხან-მოურავის თქმით, აქციები პერმანენტული იქნება.

”ალიაში” ქვეყნდება ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან. ის იხსენებს ქვეყნის პირველ პირად ყოფნისას გორბაჩოვსა და მის თავდაცვის მინისტრთან წარმოებულ მოლაპარაკებებს დავით გარეჯიდან პოლიგონის გატანაზე, აგრეთვე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას. პატიაშვილი ასკვნის: ”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოფიციალურად არის ჩვენი. სადავო საკითხია მხოლოდ ბერთუბანი და მისი დაბრუნებაც შეიძლება.”

”ალიაში” დღეს ქვეყნდება, როგორც რედაქციისავე მინაწერშია აღნიშნული, ევროპაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსნის წერილი ”გასაიდუმლოებულ სქემაზე”. ”ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილია რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ბერეზოვსკი საქართველოს აქცევს რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიგონად, რაც, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას დააზარალებს და არა ხელისუფლებასო”, - წერს ”ალიაში” გამოქვეყნებული წერილის ინკოგნიტო ავტორი.

კიდევ ერთ თემას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას - ეს არის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ, ”რეზონანსის” თანახმად, საზოგადოებას აღარ ექნება უფლება მოითხოვოს ინფორმაცია, მაგალითად, პრეზიდენტის მილანში ვიზიტის ხარჯების შესახებ. ”რაც მთავარია, ეს არ ეხება მხოლოდ მივლინებებს და აქ არის საუბარი ზოგადად საჯარო თანამდებობის პირების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობაზე”.

”24 საათიც” ეხმაურება ამავე თემას სტატიაში, სათაურით - ”დაკონკრეტდება თუ არა თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული სხდომის შემდეგ იუსტიციიის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძეს ”24 საათისთვის” უთქვამს, რომ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსიდან რამდენიმე მუხლი დუბლირების გამოსარიცხად უნდა ამოიღონ, რაც პერსონალური ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით თანამდებობის პირსა და ფიზიკურ პირს ვერ გაათანაბრებს. ”თანამდებობის პირთა პერსონალური ინფორმაცია - შემოსავლები, ხარჯები, ქონება ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონით ისედაც საჯაროაო”, - განუცხადებია დიმიტრი ძაგნიძეს ”24 საათისთვის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG