Accessibility links

logo-print
კამპანია ”ეს შენ გეხებას” ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი სპეციალური მრგვალი მაგიდის სტუმრებს გააცნეს. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების სახელზე მიღებული იქნა მიმართვა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღებისაკენ მოუწოდებს. მიმართვას უკვე მიუერთდა 67 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. ხელმოწერები გრძელდება.

კამპანია ”ეს შენ გეხებას” მეორე ეტაპი, რომელიც ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს, 7 მაისს დაიწყო (პირველი ეტაპი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით დასრულდა). ამ დღეს ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ”საქართველოს საარჩევნო კოდექსსა” და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტი წარუდგინეს. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” ექსპერტის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესს კამპანიის მეორე ეტაპზე ისეთივე მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა პირველზე:

” იმიტომ, რომ ეს პაკეტი არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეეხება მომავალი არჩევნების, მე ვიტყოდი, მშვიდობიანად ჩატარებას. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენადაც გახსნილი იქნება გარემო და დემოკრატიული, მით უფრო მეტი შანსია, რომ არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ”

ვენეციის კომისია საუბრობდა ასევე საარჩევნო სისტემაზე, რომელსაც ჩვენ ვერ შევეხეთ, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებულია. ჩვენ პრობლემად ვხედავდით ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ნაწილს ...
ირაკლი მელაშვილის განმარტებით, საკანონმდებლი წინადადება 7 პუნქტისგან შედგება და ისეთი საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს, როგორიცაა არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა, საარჩევნო სუბიექტებისათვის გარე რეკლამის თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კი, ეკა გიგაურმა, თავის მხრივ, აგვიხსნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საარჩევნო კოდექსისადმი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებსაც მოიცავს, ოღონდ ნაწილობრივ:

”ვენეციის კომისია საუბრობდა ასევე საარჩევნო სისტემაზე, რომელსაც ჩვენ ვერ შევეხეთ, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებულია. ჩვენ პრობლემად ვხედავდით ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ნაწილს და აქ ჩვენ შევიტანეთ ახლა დამატებითი შეზღუდვები. ასევე მედიის ნაწილს შევეხეთ, განსაკუთრებით დებატების თემა უფრო მეტად უნდა დარეგულირებულიყო და ჩვენს წინადადებაში ამას შევეხეთ.”

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტის ცალკეულ საკითხებზე დისკუსია კი 17 მაისს სპეციალური მრგვალი მაგიდის გარშემოც გაიმართა. საქართველოს პარლამენტიდან მრგვალ მაგიდაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანდრო ალავიძე მონაწილეობდა. სწორედ მისგან მოელოდნენ დამსწრენი იმის მოსმენას, რის დათმობას აპირებს მმართველი პარტია საპარლამენტო განხილვებზე, რომლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

” იყო, მაგალითად, რეგულაციები, რომლებიც კენჭისყრის პროცედურებს ეხებოდა, ასევე მთელი რიგი სხვა პროცედურული საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, გონივრულ არგუმენტებად შეიძლება იქნეს მიჩნეული და გაზიარებული და ამიტომ საკომიტეტო განხილვებში ჩვენ დეტალურად გამოვიკითხავთ ავტორების პოზიციებს და მიზანს და ამის მიხედვით გავითვალისწინებთ, თუ იქნება მისაღები.”

მართალი გითხრათ, ხანდახან ჩვენ თვითონ გვიკვირს ხოლმე, მაგრამ პირველ ეტაპზე აშკარად წარმატება იყო ...
სამოქალაქო სექტორის საკანონმდებლო შეთავაზებით დაინტერესდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლუის ნავაროც.

”ჩვენ აქ მოვედით, რათა შემოთავაზებულ ინიციატივებს გავეცნოთ და შემდეგ გავუზიაროთ ენდიაი-ს იმ ჯგუფს, რომელიც წინასაარჩევნოდ მონიტორინგისთვის ჩამოვა. ჩვენ გვაინტერესებს ყველა ის წინადადება, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული”, აღნიშნავს ლუის ნავარო.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი კი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერა ”ეს შენ გეხებას” მეორე ეტაპსაც წარმატებას მოუტანს:

”მართალი გითხრათ, ხანდახან ჩვენ თვითონ გვიკვირს ხოლმე, მაგრამ პირველ ეტაპზე აშკარად წარმატება იყო. ახლა ვიწყებთ ახალ ეტაპს. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ჩაღრმავებული განხილვა ამისა პარლამენტში, რომ იქნება ასეთივე მხარდაჭერა მოქალაქეებისგან, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისგან, ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და გვექნება საშუალება, რომ ეს პაკეტიც პარლამენტში გავიტანოთ.”
XS
SM
MD
LG