Accessibility links

განცხადება გაავრცელა დავით გარეჯის პრობლემის გამო დაგეგმილი მსვლელობის საინიციატივო ჯგუფმა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან შექმნილი სასაზღვრო პრობლემის გამო 20 მაისს თბილისში დაგეგმილი მსვლელობის საინიციატივო ჯგუფმა დღეს განცხადება გაავრცელა. აქციის ინიციატორი სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ მსვლელობის მიზანია გამოხატონ პოზიცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან ტერიტორიის დაკავების და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებების მიმართ. მსვლელობის საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტური მასალებით დაასაბუთოს ნინო კალანდაძისა და ნიკოლოზ რურუას განცხადებები, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ასევე, საჯაროდ გამოაქვეყნოს აზერბაიჯანთან საზღვის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების სტენოგრამა და ოქმები. მსვლელობის ინიციატორები მოითხოვენ დეტალურ ინფორმაციასაც იმის თაობაზე აცხადებს, თუ არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც. მშვიდობიანი მსვლელობა "დაიცავი დავით გარეჯი"20 მაისს ვაკის პარკიდან დაიწყება, გაგრძელდება აზერბაიჯანის საელჩოსთან, რომელსაც სპეციალურ მიმართვას გადასცემენ და დასრულდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ასევე გადაეცემა საგანგებო მიმართვა.
XS
SM
MD
LG