Accessibility links

თანამდებობის პირთა მონაცემები არ დაიმალება


არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის სამინისტროს შორის 17 მაისს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აღარ გაუქმდება ”ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის” 44-ე მუხლი, რომელიც თანამდებობის პირთა პირადი მონაცემების გასაჯაროვებას უზრუნველყოფს. ასეთი ცვლილება გათვალისწინებული იყო ”პერსონალური მონაცემების შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირაში დაამტკიცა. არასამთავრობო სექტორი და მედიაორგანიზაციები გამოთქვამდნენ შიშს, რომ, "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 44-ე მუხლის გაუქმებით, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდებოდა თანამდებობის პირების, მაგალითად - პრეზიდენტის, მინისტრებისა თუ პროკურორების მიერ ამათუიმ მიზნით დახარჯული საბიუჯეტო თანხების მასშტაბების განსაზღვრა. ხელისუფლება გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ განიხილავდა საზოგადოებრივი სექტორის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს. 17 მაისს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ძაგნიძეს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ეკა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონმდებლობაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევა და მიღწეული შედეგი ერთიანი ძალისხმევის დამსახურებაა. ”სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და დროულად მოითხოვა 44-ე მუხლის ძალაში დატოვება. მეტად აქტიურად დაგვიჭირა მხარი მედიამ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი კარგი შედეგი” , - განაცხადა ეკა ბოკუჩავამ.
XS
SM
MD
LG