Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. მისი ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის.“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ყურადღება გაამახვილა კორუფციასა და სხვა დანაშაულთან ბრძოლაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს. ”ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და გაძლიერება დაიწყო, რაც მენტალური რევოლუციის საფუძველი გახდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი გახდა და წარმატებული რეფორმების გასაზიარებლად ქვეყანაში დელეგაციები ჩადიან თითქმის ყველა სახელმწიფოდან, მათ შორის რუსეთიდან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტია, მაგრამ მის პიროვნებაზე მეტად პოპულარულია პრეზიდენტის ინსტიტუტი. ”იგივე შეეხება პარლამენტს, მთავრობას, ჯარს და პოლიციას, რომელიც როგორც ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG