Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა


კონტროლის პალატის მიერ კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” თითქმის 5 მილიონი ლარით დაჯარიმების გამო, ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის იურისტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის გარშემო პრობლემები შემცირდა, რის გამოც დიპლომატებს ხშირად აღარ აწუხებენ, თუმცა, ამჯერად საუბარია კონტროლის პალატის აბსურდულ ბრალდებასა და მცდელობაზე, გააკოტრონ კომპანია "მენეჯმენტ-სერვისი," რომლისგანაც "ქართულმა ოცნებამ” რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა. კონტროლის პალატამ ”მენეჯმენტ სერვისი” თითქმის 5 მილიონი ლარით ამ კვირაში დააჯარიმა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ კომპანიის შესაბამისი გარიგებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და წარმოადგენდა იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას. კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ კონტროლის პალატის მიერ "მენეჯმენტ სერვისის" დაჯარიმების საკითხისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს. წულუკიანის თქმით, დიპლომატებს წარუდგინეს ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც კონტროლის პალატის განცხადების საპირისპიროდ ადასტურებს, რომ ”ქართული ოცნებისთვის” ოფისების დაქირავებით კომპანია დაახლოებით 400 ათასი ლარის მოგებას იღებს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება და საქართველოში ყველა სამართლებრივი საშუალების ამოწურვის და შედეგის შესაბამისად გადაინაცვლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
XS
SM
MD
LG