Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა ”პირველ სტერეოში”


დავით ზილფიმიანი
დავით ზილფიმიანი
ტელეკომპანია ”პირველი სტერეო” პარალიზებულია. ტელეკომპანიის შენობაში კერძო დაცვის სამსახურია განლაგებული, თანამშრომლებმა კი უკვე დატოვეს ტერიტორია. ”პირველ სტერეოში” ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტელეკომპანიის ძველი დირექტორი დავით ზილფიმიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ახალ დირექტორად კი ვასილ კობაიძე დაინიშნა. დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის 22–პროცენტიანი წილის მფლობელია, ვასილ კობაიძე კი 65 პროცენტს ფლობს. ზილფიმიანი კობაიძეს თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს, კობაიძე კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება, კანონის სრული დაცვით, პარტნიორთა საერთო კრებაზე იქნა მიღებული.

შპს ”პირველი სტერეოს” პარტნიორთა კრება 18 მაისს გაიმართა. როგორც დავით ზილფიმიანი ამბობს, პარტნიორთაგან შეხვედრას მხოლოდ ”პირველი სტერეოს” 65 პროცენტის მფლობელი ვასილ კობაიძე ესწრებოდა და ზილფიმიანის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე საკუთარი თავის დანიშვნის გადაწყვეტილებაც ერთპიროვნულად მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ბრალდებას ”პირველი სტერეოს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი არ იზიარებს, მისი წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი კი ადასტურებს, რომ ტელეკომპანიის შენობაში კერძო დაცვის სამსახური სწორედ მათი მოთხოვნით განლაგდა:

”ამჟამად ყოფილი დირექტორი არ გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ კანონმდებლობით და საზოგადოების წესდებით დაკისრებული უფლება-მოვალეობები, ვერ შევდივართ ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” კუთვნილ შენობაში და ვერ ვსარგებლობთ ქონებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებულნი გავხდით მიგვემართა სამართალდამცავი ორგანოების, მარეგულირებელი კომისიისა და ტელეანძისათვის, რომ მოგვცემოდა საშუალება კომპანიის შენობაში შესვლის და საზოგადოების საქმიანობის ნორმალურად გაძღოლის.“
რამდენიმე კვირის წინ დავდე ხელშეკრულება „მეცხრე არხთან“ იმაზე, რომ მათი დაზიანებული აპარატურა აღმედგინა. ასეთ მომსახურებას მე ხომ ყველა კომპანიას ვუწევ - ეს ცნობილია, ხომ?!. ამიტომ, ცხადია, დავთანხმდებოდი. მე მათი პოლიტიკური მრწამსი არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. შეიძლება ამან გაღიზიანება გამოიწვია...
დავით ზილფიმიანი.

თანამდებობრივ დავას კი ტელეკომპანია ”პირველ სტერეოში” წინ უძღოდა ქონებრივი დავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზილფიმიანის კუთვნილი 22–პროცენტიანი წილის დაყადაღებით დასრულდა. დავით ზილფიმიანის თანახმად, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილის სახელზე, რომელიც იტალიის მოქალაქეა, 11 მაისს ”სტერეო პლუსი” გადააფორმა და ტელეკომპანია ”მეცხრე არხთან” ტექნიკურ მომსახურებაზე კონტრაქტი დადო.

”რამდენიმე კვირის წინ დავდე ხელშეკრულება „მეცხრე არხთან“ იმაზე, რომ მათი დაზიანებული აპარატურა აღმედგინა. ასეთ მომსახურებას მე ხომ ყველა კომპანიას ვუწევ - ეს ცნობილია, ხომ?!. ამიტომ, ცხადია, დავთანხმდებოდი. მე მათი პოლიტიკური მრწამსი არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. შეიძლება ამან გაღიზიანება გამოიწვია”, – განუცხადა 17 მაისს ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ დავით ზილფიმიანმა.

იმავე დღეს გაიმართა მისი საგანგებო პრესკონფერენცია, რომელზეც დავით ზილფიმიანმა საზოგადოებას ამცნო, რომ მისი მთელი ქონება დაყადაღებულია, რაც პარლამენტის წევრ დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ უკანონოდ განხორციელდა. ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ ”პირველი სტერეოს” 65 პროცენტის რეალური მფლობელი დავით ბეჟუაშვილია და არა მისი ნათესავი ვასილ კობაიძე. თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 მაისს განმარტა, თუ რა გახდა დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღების მიზეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადების თანახმად, 2012 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ”პირველი სტერეოს” პარტნიორმა დავით კობაიძემ მიმართა და სარჩელის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიების გატარება მოითხოვა. საქალაქო სასამართლოს თანახმად, განმცხადებელი დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებას ითხოვდა, რათა თავიდან აცილებულიყო ქონების მოსალოდნელი გასხვისება.

”2012 წლის 12 მაისის განჩინებით, ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს ტელეკომპანია „პირველ სტერეოში ” და შპს ”სტერეო+”-ში. ეს არის არა ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ან ”სტერეო+”-ის ქონება, არამედ დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი”, - ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, თუ დავა მოპასუხის, ანუ დავით ზილფიმიანის, სასარგებლოდ გადაწყდა, კანონის თანახმად, ყადაღა გაუქმდება. განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ მოპასუხეს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია. განცხადების ეს ნაწილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორს, ნათია კაპანაძეს, უცნაურად ეჩვენება:
ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

”როგორც ბატონმა დავითმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას არ მიუღია არანაირი დოკუმენტი ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. ანუ სასამართლოდან ოფიციალური წერილი, ოფიციალური დოკუმენტები არ მისვლია. შესაბამისად მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეპროტესტებინა და შეეტანა თავისი წერილობითი პასუხი აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამიტომ გაურკვეველია, რატომ არის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნული მითითებული.“

ნათია კაპანაძე ამბობს იმასაც, რომ, ამის გარდა, საქმესთან დაკავშირებით ზოგადად ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და სამართლებრივი დასკვნის გაკეთებაც, შესაბამისად, მომავლის საქმეა. თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია კერძო ბიზნესურთიერთობების გავლენა ტელეკომპანიის მაუწყებლობაზე და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, რაც მაუწყებლობის შეფერხებითაა გამოწვეული.
XS
SM
MD
LG