Accessibility links

logo-print

კემპ დევიდში გრძელდება "დიდი რვიანის" სამიტი


ვაშინგტონის მახლობლად, კემპ დევიდში იმართება დიდი რვიანის სამიტი. სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სურთ, საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთის, იტალიისა და კანადის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს „ძლიერ და შეკავშირებულ“ ევროზონას. ამასთან, მათ პირობა დადეს, რომ ხელს შეუწყობენ ზრდას და იკისრებენ ფისკალურ პასუხისმგებლობას. დიდი რვიანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ნავთობის ბაზრების სრული და დროული მომარაგება. მათი თქმით, შეფერხებების შემთხვევაში მზად არიან მიმართონ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ დიდი რვიანის ლიდერები კვლავაც ემხრობიან კომბინირებულ მიდგომას და სანქციებისა და დიპლომატიის გამოყენებას ირანის მიმართ, რათა აიძულონ ის, დაამტკიცოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანი ხასიათისაა. ამერიკის პრეზიდენტის თქმითვე, დიდი რვიანი შეთანხმდა, რომ პოლიტიკური პროცესი სირიაში უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ. კრემლის წარმომადგენელმა მიხაილ მარგელოვმა კი ამ საკითხთან დაკავშირებით დასძინა, რომ „სირიის კრიზისის მოგვარება შეუძლებელია ნაჯახით, ამის გაკეთება მხოლოდ პინცეტით შეიძლება ვცადოთ“.
XS
SM
MD
LG