Accessibility links

logo-print
რუსლან კოზაევი სტამბოლში გავიცანი, იგი ჯავიდან სამოქალაქო დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველი და ოსი ნათესავები წლებია ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ და ერთმანეთის შესახებ აღარაფერი იციან. რუსლან კოზაევი მიიჩნევს, რომ ჩაკეტილი გზები აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ ეს დროის საკითხია, მანამდე კი იარები უნდა შეხორცდეს და ტკივილი გაქრეს.

„ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი კონტაქტები ყოველთვის ხელს შეუწყობს დაახლოებას. არსებითად ჩვენ დაახლოება არც გვჭირდება, ჩვენ ისედაც ახლოს ვართ. ის, რაც მოხდა, უნდა დავგმოთ, დავგმოთ ისინი, ვინც ეს გააჩაღა. ჩემი დეიდაშვილი გორში ცხოვრობს. მის შესახებ დიდი ხანია არაფერი ვიცი. განა ეს სწორია? გავა დრო და ადამიანები თვითონ მიხვდებიან რა უნდა გააკეთონ. ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელია ასეთი კონტაქტები, დროთა განმავლობაში აზრს შეიცვლის. დადგება დრო, როცა ერთმანეთთან სტუმრად ვივლით და ისევ მოვუნათლავთ შვილებს ერთმანეთს“, – ამბობს რუსლან კოზაევი.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისეთი მდგომარეობა შეიქმნას უახლოეს დროში, რომ ურთიერთობა აღვადგინოთ მარტო ჩემს ახლობლებთან კი არა, საერთოდ ყველასთან...

ამ კომენტარის შემდეგ რუსლანმა გორში დეიდაშვილის მისამართი მომცა და მისი ამბის გაგება მთხოვა. ადვილად მოვძებნე კონსტანტინე გიგოლაშვილის ოჯახი, მაგრამ ოჯახის უფროსი 7 წლის წინ გარდაცვლილი აღმოჩნდა. ამის შესახებ მისმა ოსმა ნათესავებმა დღემდე არაფერი იციან. კონსტანტინეს ქალიშვილმა, მანანა გიგოლაშვილმა, ჯავაში გატარებული დღეები გაიხსენა. რუსლანის კონტაქტები გამომართვა და თვალცრემლიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნათესავებს შორის ურთიერთობა აღდგეს.

„მამა დაახლოებით 7 წელია, რაც გარდაიცვალა. ჩვენმა ოსმა ახლობლებმა, რომლებიც ჯავაში ცხოვრობენ, არ იციან ეს ამბავი. ახლა რომ გაიგებენ, შეწუხდებიან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისეთი მდგომარეობა შეიქმნას უახლოეს დროში, რომ ურთიერთობა აღვადგინოთ მარტო ჩემს ახლობლებთან კი არა, საერთოდ ყველასთან“, – განაცხადა მანანა გიგოლაშვილმა.

გორი-ცხინვალის დამაკავშირებელი მაგისტრალი სოფელ ერგნეთთან 2004 წელს ჩაიკეტა, როცა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერგნეთის ბაზრობა დაიხურა. ამის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა. ჯერ 2004 წლის ზაფხულში ლიახვის ხეობის შემოვლით გზასთან დაიწყო შეტაკებები, ოთხი წლის შემდეგ კი აგვისტოს ომით დასრულდა ყველაფერი. გზა ახლაც ჩაკეტილია, არაერთი ოჯახი კი - გაყოფილი. მხოლოდ ახალგორის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ სპეციალური საშვებით გადაადგილება. სხვა ადგილებში კი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეები ადამიანებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.
მე ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რათა ეს საკითხი გადაიჭრას. აი, როგორი მექანიზმები იქნება, ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. ეს უკვე მთავრობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მექანიზმები რომ საჭიროა და ხალხს ანგარიში უნდა გავუწიოთ, ამაში მე დარწმუნებული ვარ...

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საზოგადოებრივ დიალოგში, რომლის სახელწოდებაა „თვალსაზრისი“, ოსური და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემების მოგვარება აუცილებელია. ადამიანებს ერთმანეთთან მიმოსვლის საშუალება, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ, რაზეც ჯერჯერობით ოსური და რუსული პოლიტიკური მხარეები არ თანხმდებიან. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოსურ საზოგადოებაში არსებითი ცვლილებები არ იგრძნობა, მაგრამ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ეს სტამბოლის შეხვედრაზე გამოჩნდა.

„ოსურ განწყობებში არ ჩანს არსებითი ცვლილებები, ისინი ჯერ კიდევ ჩაკეტილები არიან შიდა იზოლაციით და უნდობლობას უცხადებენ გარესამყაროს, საერთოდ, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებსაც. აქ ახლა მე ვიგრძენი, რომ დაიძრა მკვდარი წერტილიდან გაგება იმისა, რომ საჭიროა გადახედონ თავის ხედვებს, თუ უნდათ, რომ მეტი მიიღონ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რათა მოარყიონ ძველი სტერეოტიპები და გადავიდნენ ახალ დინამიკაში“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი ლირა კოზაევა მიიჩნევს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს რიგით ადამიანებს ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვთ, მაგრამ აქ სამოქალაქო საზოგადოება უძლურია და ყველაფერი პოლიტიკოსების ნებაზეა დამოკიდებული. მისი აზრით, ორივე მხარემ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რათა გზა გაიხსნას.

„მე ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რათა ეს საკითხი გადაიჭრას. აი, როგორი მექანიზმები იქნება, ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. ეს უკვე მთავრობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მექანიზმები რომ საჭიროა და ხალხს ანგარიში უნდა გავუწიოთ, ამაში მე დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს ლირა კოზაევა.
რუსლან კოზაევი

რუსლან კოზაევი


რუსლან კოზაევს და მის დეიდაშვილიშვილს მანანა გიგოლაშვილს დიდი სურვილი აქვთ, რომ ნათესაური კავშირი აღდგეს, „საზოგადოებრივი დიალოგის“ წევრებს კი ეს სურვილი იმედს აძლევს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკოსებიც ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შეუდგებიან.

სტამბოლის შეხვედრის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მშვიდობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG