Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესაძლებელი გახდა დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადაადგილება


დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე დღეს უპრობლემოდ შეუშვეს სასულიერო პირები, მომლოცველები, პოლიტიკოსები და მათი თანხმლები ჟურნალისტები. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დავით გარეჯის ლავრიდან უდაბნოს მონასტრისკენ გამართულ მსვლელობაში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 20 მაისს განაცხადეს, რომ უდაბნოს მონასტერთან 6 მაისიდან შექმნილი პრობლემა მოგვარებულია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს ხელს აღარ შეუშლიდნენ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საბოლოო დელიმიტაციამდე ყველაფერი გაკეთდეს, რათა დავით გარეჯის გამო პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოირიცხოს და ძეგლის მონახულება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვაშაკიძის განცხადებითვე, საკითხი საბოლოოდ მოგვარდება დელიმიტაციის შემდეგ, რომლის პროცესში ამომავალ პრინციპად აღებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი. მინისტრის მოადგილის თქმით, დავით გარეჯის 98 პროცენტი ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა არსებობენ გარკვეული პრობლემური მონაკვეთები. ”საზღვრის საკითხი ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა როგორც საქართველოსთვის, ასევე მეზობლებისთვის და ჩვენი ერთობლივი სურვილია, საკითხი გადაწყდეს კონსტრუქციულად და მეგობრობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით", - განაცხადა ვაშაკიძემ.
XS
SM
MD
LG