Accessibility links

logo-print

ნატომ დაამტკიცა ავღანეთში უსაფრთხოების ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების გეგმა


ნატომ ჩიკაგოში მიმდინარე ორდღიანი სამიტის ბოლოს დაამტკიცა მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 2013 წლის შუა პერიოდისთვის ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარებას და 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნიდან საბრძოლო შენაერთების გამოყვანას. ალიანსმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთში დატოვებს საწვრთნელ მისიას და პირობა დადო, რომ ავღანეთი „მარტო არ იქნება“. ამასთან, ნატომ პაკისტანს მოუწოდა რაც შეიძლება მალე გახსნას ავღანეთში მყოფი ძალების მომარაგებისთვის საჭირო სატრანზიტო გზები, რუსეთს და შუა აზიის ქვეყნებს კი მადლობა გადაუხადა მომარაგების გზების თვალსაზრისით ალიანსის დახმარებისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად უყურებს „ახლო მომავალში“ პაკისტანის მხრიდან სატრანზიტო გზების გახსნის პერსპექტივას. ეს გზები ნოემბერში ჩაიკეტა. ნატო მხარს უჭერს აშშ-ის გეგმას ავღანეთს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომავალი წლების განმავლობაში, ყოველწლიურად დახმარების სახით 4,1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოეყოს.
XS
SM
MD
LG