Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 მაისი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს სამიტია. სტატიების შინაარსს აღარ ჩავუღრმავდები - უბრალოდ, სათაურებს გაგაცნობთ, რომ ვნახოთ, ვინ რაზე გააკეთა აქცენტი. ”რეზონანსი” პუბლიკაციას ასე ასათაურებს - ”ნატოს მთავარი პირობა დემოკრატიული არჩევნებია”. ”24 საათი” ასეთ სათაურს არჩევს - ”ასპირანტი ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა”. ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიას კი ჰქვია ”ობიექტური რეალობა თუ გამკაცრებული ტონი”.

”რეზონანსი” პრეზიდენტის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაზე ლაპარაკობს და ამბობს, გასულ წელს პრეზიდენტის დანაზოგი დაახლოებით 45 ათასი ლარით შემცირდაო. დეკლარაციის მიხედვით ამავე წელს პრეზიდენტმა ყვარელში სახლი აიშენა, რაც 80 ათასი ლარი დამჯდარა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა თქვაო, წერს ”რეზონანსი”, რომ ეს სახლი სააკაშვილს საკუთარი დანაზოგიდან შეუძენია. მაშ, რატომ მოიკლო დანაზოგმა მხოლოდ 45 ათასი ლარითო, კითხულობს ”რეზონანსი”.

”ალია” დავით გარეჯის საკითხს უბრუნდება და პირელ გვერდზე ასეთ ფრაზას ბეჭდავს: ”არაფერი არაა გადაწყვეტილი. ტყუილია ეგ. შეთანხმებისთვის რომ მიეღწიათ აზერბაიჯანელებთან, რა უნდათ დღეს მაგათ მესაზღვრეებს აქ?” - ეს, როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, ზვიად ძიძიგურის ნათქვამი ფრაზაა. ძიძიგური ასევე ამბობს, ამ ტერიტორიის გაცვლა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხმებში უნდოდათო.

”ახალი თაობა” კი დღეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მომავალს განიხილავს სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”ნინო ბურჯანაძე ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის / რატომ მივიდა ეკა ბესელია სახალხო კრების შეკრებაზე.”კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე და თემურ შაშიაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას - როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ყველა საარჩევნო სეგმენტი რომ იყოს დაფარული და არც ერთი ხმა გამოუყენებელი არ დარჩესო”. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ბურჯანაძის შეკრებას „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ეკა ბესელიაც დაესწრო და ამატებს, „სახალხო კრების“ ღონისძიებას ივანიშვილის სახელთან ასოცირებული საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენო.
XS
SM
MD
LG