Accessibility links

logo-print
სოფლებში კომპიუტერული ცენტრების პოპულარაზიციის მიზნით, გორის რაიონში ჩავიდა ინტელექტკლუბის „რა, სად, როდის“ წარმომადგენელი გიორგი ბაქრაძე, რომელიც სოფელ ტინისხიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და კომპიუტერული განათლების აუცილებლობაზე ესაუბრა. როგორც ცნობილია, ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება შეიქმნა. საზოგადოების მიზანი პირველ ეტაპზე საქართველოს 300 სოფელში კომპიუტერული ცენტრების გახსნაა. მთავრობის ინიციატივას არ დალოდებიან ნიქოზელი ახალგაზრდები, რომლებმაც დონორი მოიძიეს და კონფლიქტის ზონის სოფელში ანალოგიური ცენტრი ორი წლის წინ გახსნეს.

ევროკავშირის დახმარებით, ნიქოზში სათემო ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ამჟამად კომპიუტერული ოთახი და მინისამკერვალო საამქრო ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებმა სასწავლო კურსები გახსნეს და თანასოფლელები გადაამზადეს. დღეს ნებისმიერ ნიქოზელს ცენტრში შეუძლია უფასო კომპიუტერული მომსახურება მიიღოს. ადგილობრივ ქალებს ჭრა-კერვაც შეასწავლეს, გამოშვებული პროდუქცია კი შეღავათიან ფასად გაყიდეს და შემოსული თანხა ისევ ოფისის განვითარებას მოახმარეს. გარდა ამისა, ამავე ოფისში მცირე სამკითხველოც გაიხსნა. კვირაში ერთხელ გორიდან აქ გაზეთები ჩააქვთ და ადგილობრივ მოსახლეობას მათი წაკითხვა იქვე შეუძლია. მარი მჭედლიძე ცენტრის აქტივისტია. მან კომპიუტერული კურსები ადგილზე გაიარა და ახლა სამსახურს უფრო გაბედულად ეძებს.

ნიქოზელი აქტივისტები ცდილობენ როგორმე ხელი შეუშალონ სოფლიდან ახალგაზრდების გადინებას. სამომავლოდ ისინი აპირებენ ცალკე არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნონ, რომელსაც „იმედის სხივს“ დაარქმევენ. დიდი სურვილი აქვთ, რომ სოფელში კულტურული ცენტრი შექმნან. ამისთვის პროექტს ამზადებენ, რომლის ფარგლებშიც კინოპროექტორს შეიძენენ და ადგილზე ფილმების ჩვენებას მოაწყობენ. გარდა ამისა, სხვა აქტივობებიც იგეგმება, რაც, მათი აზრით, მიგრაციის პროცესს შეაჩერებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო მინდიაშვილის აზრით, სოფელში ასეთი ცენტრის არსებობა ახალგაზრდებს ომის შემდგომი დეპრესიის დაძლევასა და აქტიურობის მოტივაციის შეექმნაში ეხმარება.

ლიახვის ხეობიდან დევნილმა ნათია ღერკენაშვილმა კომპიუტერული განათლება კარალეთის დევნილთა დასახლებაში გახსნილ სოციალურ ცენტრში მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორდ ვიჟენმა“ ანალოგიური ცენტრები სხვა დასახლებებშიც გახსნა - ასე რომ, ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდა ცენტრებში არსებულ კომპიუტერებს. ღერკენაშვილის თქმით, ახალგაზრდები დიდ ინტერესს იჩენდნენ.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მისულს, სოციალური ცენტრი დაკეტილი დამხვდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, რამდენიმე თვეა „ვორდ ვიჟენის“ პროექტი დასრულდა და ცენტრში დასაქმებულ პირებს კონტრაქტებიც დაუმთავრდათ, უკვე არსებული ცენტრები კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. როგორც ადგილობრივ გამგეობაში განაცხადეს, ამჟამად იმ ორგანიზაციებს ეძებენ, რომლებიც ამ ცენტრებს ხელახლა აამუშავებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG