Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვა


საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა ჯონდი ბაღათურიამ. მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, უღალატა სახელმწიფოს ინტერესებს და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ”დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მეზობელი სახელმწიფოს მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის დაკავების და თბილისსა და რეგიონებში სტიქიური უბედურების დროს პრეზიდენტმა ქვეყანა მიატოვა და გასართობად საზღვარგარეთ გაემგზავრა.” მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საფუძვლად ჯონდი ბაღათურია ასევე მიიჩნევს ”პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა ჩართულობას კორუფციაში, დაფარულ შემოსავლებსა და დაუსაბუთებელ ქონებას.” დეპუტატი საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებისგან ითხოვს, პარლამენტს წარუდგინონ დასკვნა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. ამ მიმართვას ხელი პირველმა მოაწერა თავად ჯონდი ბაღათურიამ და კოლეგებს ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი ინიციატივის საპასუხოდ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაციას საზღვარი არ გააჩნია, თუმცა მსგავსი მცდელობები ყოველთვის უშედეგოდ დასრულდება.
XS
SM
MD
LG