Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა "წინ გადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა ნატოს სამიტის შედეგები


”საქართველო პრაქტიკულად ამოვიყვანეთ ჩვენი რეგიონიდან და გადავსვით ბალკანეთის რეგიონში”, - ამის შესახებ ნატოს ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთან ერთად ნატოს ასპირანტად ჩამოთვლილი ბალკანეთის 3 ქვეყანა ალიანსში ყველა შემთხვევაში გაწევრიანდება. მაკედონიასთან, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად საქართველოს დასახელებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ალიანსის გაფართოების სამიტი იქნება. ”ალბათ, შემდეგი სამიტი იქნება 2014 წელს და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან მაგარი შანსები. არასდროს არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული ამაში, როგორც ახლა”, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”თუ საქართველოს პროგრესი ასე გაგრძელდა, და აუცილებლად გაგრძელდება, აუცილებლად ვიქნებით უმაგრეს ფორმაში იმ სამიტისთვის, როცა უკვე ძალიან ძნელი იქნება ახსნა იმისა, საქართველოს რატომ აღარ იღებენ ნატოში.”
XS
SM
MD
LG