Accessibility links

ჟურნალისტთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს


ჟურნალისტთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს. მიმართვაში, რომელიც 23 მაისს გამოქვეყნდა, მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას ჰპირდებოდა, მედიასთან თავდაპირველი ორი შეხვედრისას კი პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მსგავს შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნებოდა. მიმართვის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს კიდევ ორჯერ შეხვდა, თუმცა ”უკვე აშკარად იგრძნობოდა წინასწარი შეთანხმება და ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების საქმიანობის რეალური გამჭვირვალობა და თავისუფალი ჟურნალისტური სიტყვა მხოლოდ მოჩვენებითი იყო.” მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მტკივნეულად რეაგირებს მისთვის დასმულ მწვავე შეკითხვებზე. ”თქვენ თავს მიიჩნევთ დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტად, მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებთ წარმატებული რეფორმებით და აცხადებთ, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციისაკენ მიგყავთ. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უფრო სწორად მოვითხოვთ, რომ შეგვხდეთ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა და გაგვცეთ პასუხი. ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს სჭირდებათ მოქალაქეებს და აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფოს დასავლური განვითარებისთვის” - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც დღეს ხელი მოაწერეს რამდენიმე გაზეთის, ინტერნეტგამოცემის და ტელეარხის ჟურნალისტებმა. მიმართვის ტექსტზე ხელმოწერა დღის ბოლომდე გაგრძელდება და პრეზიდენტის კანცელარიას ხვალ გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG