Accessibility links

logo-print

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში იმსჯელეს არჩევნებზე სამხრეთ კავკასიაში


აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში არჩევნების თემაზე. „დემოკრატიზაცია კავკასიაში: არჩევნები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ - ამ თემაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეებს შორის იყვნენ ექსპერტი ტომ დე ვაალი, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენელი კრისტოფერ უოკერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) რეგიონული დირექტორი, სტივენ ნიქსი. სხდომის დასაწყისშივე აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ბოლო საარჩევნო ციკლი დაიწყო სომხეთში, 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებით, რასაც ოქტომბერში მოჰყვება საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ხოლო მომავალ წელს - საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ექსპერტმა ტომ დე ვაალმა სამივე ქვეყნისათვის დამახასიათებელ „სისტემურ საკითხად“ მოიხსენია ის გარემოება, რომ, მისი აზრით, დიდი განსხვავება არსებობს ერთი მხრივ დედაქალაქებში, მეორე მხრივ კი რეგიონებში არსებულ ვითარებას შორის - მაგალითად, თბილისი, როგორც დე ვაალმა თქვა, ბევრი მახასიათებლით შეიძლება შეედაროს ცენტრალური ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქს მაშინ, როცა განსხვავებული სურათია პროვინციებში, სადაც ოპოზიციის აქტივისტები ხშირად უჩივიან დევნა-შევიწროვებას. ჰელსინკის კომისიას, რომელმაც ვაშინგტონში, 23 მაისს გამართა სამხრეთ კავკასიაზე დისკუსია, უწოდებენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიას. ეს არის აშშ-ის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელსაც ევალება, თვალყური ადევნოს, რამდენად იცავენ ჰელსინკის შეთანხმებებს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების განმტკიცებას ეუთოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ისევე როგორც ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობით.
XS
SM
MD
LG