Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. შესავალ სიტყვაში, რომლის ავტორიცაა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პირველ რიგში, ყურადღება მახვილდება 2011 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანას მოდებულ საპროტესტო აქციებზე. ტუნისის, ეგვიპტის, ლიბიის, ბაჰრეინის, იემენის, სირიის მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს და მოითხოვეს მათი უფლებების დაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ მომავალში მონაწილეობის უფლებაო, ნათქვამია ტექსტში. ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში განაცხადა: „ბევრი მოვლენა, რომელიც დომინირებდა ბოლო პერიოდის ახალ ამბებში, იქნება ეს რევოლუციები ახლო აღომასვლეთში, თუ რეფორმები ბირმაში, დაიწყო ადამიანის უფლებებით - მკაფიო მოწოდებით მამაკაცებისა და ქალებისაგან, რომლებიც მოითხოვენ თავიანთი უნივერსალური უფლებების დაცვას“. ადამიანის უფლებების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც სახელდება მნიშვნელოვან ნაწილად შეერთებული შტატების ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემას მთელს მსოფლიოში, ვრცელი ტექსტია. 50 გვერდზე მეტი ეთმობა მარტო საქართველოს, 140-ზე მეტი ჩინეთს. ეს უკანასკნელი, ირანთან, ჩრდილეოთ კორეასთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან, სირიასთან, ბელორუსთან ერთად მიეკუთვნება ქვეყნებს, რომლებშიც, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით. რაც შეეხება საქართველოს, გასული საანგარიშო წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად სახელდება სამი რამ: 1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, ისევე როგორც სტარდარტებთან „სახიფათოდ“ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში; 2. ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის კუთხით; 3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებული მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებში.
XS
SM
MD
LG