Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს მსოფლიოში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ. შესავალ სიტყვაში, რომლის ავტორიცაა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პირველ რიგში, ყურადღება მახვილდება 2011 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანას მოდებულ საპროტესტო აქციებზე - ტუნისის, ეგვიპტის, ლიბიის, ბაჰრეინის, იემენის, სირიის მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს და მოითხოვეს მათი უფლებების დაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ მომავალში მონაწილეობის უფლებაო, ნათქვამია ტექსტში.

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში განაცხადა: „ბევრი მოვლენა, რომელიც დომინირებდა ბოლო პერიოდის ახალ ამბებში, იქნება ეს რევოლუციები ახლო აღომასვლეთში, თუ რეფორმები ბირმაში, დაიწყო ადამიანის უფლებებით - მკაფიო მოწოდებით მამაკაცებისა და ქალებისაგან, რომლებიც მოითხოვენ თავიანთი უნივერსალური უფლებების დაცვას“.

ადამიანის უფლებების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც სახელდება მნიშვნელოვან ნაწილად, შეერთებული შტატების ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემას მთელს მსოფლიოში, ვრცელი ტექსტია. 50 გვერდზე მეტი ეთმობა მარტო საქართველოს. ამასთან, დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ საქართველოს შესახებ მონაცემები, უმეტეს შემთხვევაში, არ ასახავს ვითარებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ, ოკუპირებულ რეგიონებში.

მინდა გამოვყო რამდენიმე სფერო, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2011 წელს. ამ სფეროებს მეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი საპატიმროების აშენება, დანაშაულთა გარკვეული კატეგორიებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება ...
ჯონ ბასი
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ნაწილს, გასული საანგარიშო წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად სახელდება სამი საკითხი: 1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, ისევე როგორც სტარდარტებთან „სახიფათოდ“ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში; 2. ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის კუთხით; 3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებული მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებში.

რაც შეეხება პროგრესს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიში ახლებური ფორმატითაა შედგენილი - შემცირებულია ტექსტების ზომა, რის გამოც ქვეყნების პროგრესს ნაკლები ადგილი ეთმობა. ამის გამო, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა თბილისში შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა: „მინდა გამოვყო რამდენიმე სფერო, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2011 წელს. ამ სფეროებს მეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი საპატიმროების აშენება, დანაშაულთა გარკვეული კატეგორიებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება. და რელიგიური უმცირესობებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების საშუალების მინიჭება“, - აღნიშნავს საგანგებო ვიდეომიმართვაში საქართველოში აშშ-ის ელჩი, ჯონ ბასი.

თუ ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დავუბრუნდებით, ქვეყნებად, სადაც განსაკუთრებით მძიმეა მდგომარება ადამიანის უფლებების კუთხით, სახელდებიან ჩინეთი, ირანი, ჩრდილეოთი კორეა, თურქმენეთი, უზბეკეთი, სირია, ბელორუსია.

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკაშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენეს რუსეთიც. დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის, მაიკლ პოზნერის თქმით, „ადამიანის უფლებების მხრივ კვლავაც რჩება სხვადასხვა გამოწვევა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი და სხვა ქვეყნები, სადაც შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინტერესები“.

ადამიანის უფლებათა შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიში ყოველ წელს ეგზავნება აშშ-ის კონგრესს.
XS
SM
MD
LG