Accessibility links

logo-print
ავღანეთის განათლების უწყება საერთაშორისო დახმარებით ცდილობს ააღორძინოს ავღანეთში მუსიკალური ტრადიცია, რომელიც მრავალწლიანი ომების დროს ჩაკვდა. მუსიკის სახელმწიფო სასწავლებელში ბავშვები სწავლობენ როგორც კლასიკურ ევროპულ, ასევე ავღანეთის ხალხურ მუსიკას. აჰმად სამრათი პატარაობაში ამ შენობაში დადიოდა სკოლაში, ამ შენობაში ისწავლა მან მუსიკის ანაბანა 1970-იან წლებში. ახლა იქ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი სკოლაა, სადაც 150 ბავშვი დადის. ავღანელი ბავშვები სკოლაში შესვლამდე ყურანის კითხვით არიან დაკავებული - რაც უნდა იყოს, მაჰმადიანურ ქვეყანაში ვართ, ეს აქ ჩვეული რიტუალია. გარკვეულ პერიოდში ამ ქვეყანას თალიბანი, რადიკალური ისლამისტები მართავდნენ და მაშინ იყო, რომ მუსიკა - დასავლური, თავისთავად ცხადია, და არამარტო ის - აიკრძალა, განადგურდა ჩანაწერები და სხვ. აჰმად სამრათი სამშობლოდან ადრევე წავიდა. ის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრალიაში სწავლობდა. 49 წლის მუსიკათმცოდნე ოთხი წლის წინ დაბრუნდა აღანეთში. ის ფიქრობს, რომ „მუსიკალური განათლების დაფუძნება და განვითარება ავღანელებისთვის მუსიკის მოსმენის, დაკვრის და სწავლის უფლების დაბრუნებას ნიშნავს. ეს უფლება, იმის ნება, რომ საკუთარი თავი მუსიკით გამოხატოს, ყველა ავღანელს უნდა ჰქონდეს“.

ქაბულის ამ სასწავლებელში მხოლოდ მუსიკას არ ასწავლიან. ნახევარი დღე მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებსა და ენას და ლიტერატურას ეთმობა, დანარჩენი კი - მუსიკას. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ კლასიკური ან ტრადიციული ავღანური მუსიკა.

მუსიკას მართლა შეუძლია დიდებული როლი ითამაშოს 30 წლიანი ომის შედეგად ტრავმირებული საზოგადოების რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების პროცესში ...
მოსწავლეთა ნახევარი ობოლი და უსახლკარო ბავშვები არიან. ავღანეთის განათლების სამინისტროს ამ სასწავლებელს ავსტრალია, დანია და გერმანია აფინანსებს. სწავლის დამთავრების შემდეგ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს აძლევენ.

სასწავლებელს დიდი მხარდაჭერა აქვს, იმდენად, რომ სკოლამ მოახერხა დასავლელი მასწავლებლები აეყვანა. და არამარტო მასწავლებლები. გამოყოფილი თანხა იხარჯება საკლასო ხმაგაუმტარ ოთახებზე. სკოლაში 300 ადგილიანი აუდიტორიაა. ინსტიტუტის ორკესტრს თავისი გეგმები აქვს. სარმასთი ამბობს, რომ ორკესტრი აშშ-ში აპირებს გამგზავრებას. იქ ისინი გამოვლენ კენედის ცენტრში - ვაშინგტონში, ასევე კარნეგის ჰოლში - ნიუ იორკში. სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავღანელი მუსიკოსები ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს, კარგად ესმით, რომ საზოგადოების განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ:

„მუსიკას მართლა შეუძლია დიდებული როლი ითამაშოს 30 წლიანი ომის შედეგად ტრავმირებული საზოგადოების რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების პროცესში. მუსიკას დიდი ძალა აქვს სოციალური გარდაქმნის დროს. მას შეუძლია გადალახოს სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიური ზღუდეები და გაამთლიანოს ავღანელი ხალხი.“

სამრასთი ახლა აპირებს მუსიკის ეს მადლი ავღანეთის სხვა ქალაქებში - ჰერატში, მაზარ-ი-შარიფსა და ჯალალაბადშიც შეიტანოს, მომავალი ათი წლის განმავლობაში იქ მსგავსი სასწავლებლების გახსნით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG