Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთ დაკავებულს ცხინვალიდან მალე გაათავისუფლებენ


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ქართული მხარის წარმომადგენლებს პირველ რიგში ის აინტერესებდათ, თუ ვინ იქნებოდა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, წინა შეხვედრაზე მერაბ ჩიგოევი შეხვედრის მონაწილეებს დაემშვიდობა და საქმიანობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გააგრძელა. ოსური დელეგაცია ერგნეთში ორ საგუშაგოს შორის მოწყობილ კარავთან ცოტაოდენი დაგვიანებით გამოჩნდა. დელეგაციას წინ რობერტ გაზაევი მოუძღოდა, რომელიც მანამდე დელეგაციის რიგითი წევრი იყო. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ გაზაევს სამხედრო ფორმის ნაცვლად პიჯაკი ეცვა და ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა გაკეთებული. მისმა ჩაცმულობამ თითქოს ყველა დააბნია, რადგან ამ შეხვედრებზე ყოველთვის სამხედრო ფორმით ცხადდებოდა ხოლმე. მალე გაირკვა, რომ გაზაევი დროებით შეასრულებს დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.

ერგნეთის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. მხარეები ბოლო დროს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე სწრაფად შეთანხმდნენ. საჩხერის რაიონის 4 მცხოვრები, რომლებიც ჯონჯოლის საკრეფად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ, და ერთი ერედვიდან დევნილი, რომელიც სოფელში დედის საფლავზე სანთელს ანთებდა, რუსმა მესაზღვრეებმა ორი დღის წინ დააკავეს. ამ ხუთ დაკავებულს ოსური მხარე სულ მალე გაათავისუფლებს. გარდა ამისა, გაგრძელდა მოლაპარაკება დანაღმულ ტერიტორიებზე გამნაღმველთა შეშვების თაობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართულმა მხარემ ოსურ მხარესთან დაიწყო საუბარი დევნილების დაბრუნებაზე ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ სახლებში, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ხურველეთში დარჩენილ 3 სახლში დააბრუნებენ ოჯახებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ სოფელ ზარდიანთკარში დაახლოებით 25 ოჯახი დაბრუნებას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ სოფელი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს მდებარეობს და იქ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომ ზარდიანთკარელები სამ წელზე მეტია გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ.

შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ჩანდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი. მისი თქმით, პროგრესი თვალშისაცემია და მხარეები ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გადაწყვეტას გაგებით ეკიდებიან. ტიშკევიჩმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირველი კომენტარი აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა და გალის შეხვედრები ჩაშალა. ტიშკევიჩი მიიჩნევს, რომ დიალოგის აღდგენა და პრობლემების მოგვარება აუცილებელია.

ერგნეთში მომავალი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ჟენევის დისკუსიაზე შეხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, გალის შეხვედრების გაგრძელების საკითხი იქ გადაწყდება.
XS
SM
MD
LG