Accessibility links

logo-print

ივანიშვილმა და ბურჯანაძემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს


სამების საკათედრო ტაძარში მისულმა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 26 მაისს სამებაში 2011 წლის 26 მაისს, „სახალხო კრების“ აქციის დაშლის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც „სახალხო კრების“ წარმომადგენლების გარდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაც ესწრებოდნენ. გასულ წელს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებით „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული მიტინგის დაშლის დროს სამი ადამიანი, ორი მომიტინგე და ერთი პოლიციის თანამშრომელი დაიღუპნენ. სამების საკათედრო ტაძარში 26 მაისის აქციის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდისა და პარაკლისის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან მივიდა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა, რასაც ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების კითხვას - ხომ არ შეიძლება “ქართული ოცნებისა” და „დემოკრატიული მოძრაობის” თანამშრომლობა ვივარაუდოთ, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დასაკარგი ქართველები არ ჰყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან უნდა გავერთიანდეო, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
XS
SM
MD
LG