Accessibility links

მღვდელმა მრევლს მოუწოდა ეკლესიაში ტაშისკვრისაგან თავი შეიკავონ


პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ოვაციებისა და ტაშის გამო გააკრიტიკა, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. “ეკლესიას თავის სწორი ქვეყანაზე არ ჰყავს, ეკლესია პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს, ეკლესია არის ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ძალა, ეკლესია ყოველმხრივ აღემატება ყველაფერ ამქვეყნიურს, ამიტომ მოგმართავთ ყველას, რომ წმინდა ეკლესიაში შეძახილები, ტაშის დაკვრა არის სრულიად მიუღებელი”, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ სამების ტაძარში ქადაგებისას. სამების საკათედრო ტაძარში, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან და ‘სახალხო კრების” წარმომადგენლებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა, რასაც ტაძარში მყოფი საზოგადოება ტაშითა და ოვაციებით შეხვდა. პანაშვიდი და პარაკლისი უკვე დასრულდა. სამების ტაძარი ხალხით იყო სავსე. პანაშვიდს “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა” და “სახალხო კრების” წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე და “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელი კახა კუკავა.
XS
SM
MD
LG