Accessibility links

სირიელი აქტივისტების თქმით ჰომსის პროვინციაში 90 კაცი დაიღუპა


სირიელი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის ცენტრალური ჰომსის პროვინციის ქალაქ ჰაულაში 90 კაცი დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის შედეგად. „იუტუბით“ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია ათობით დახოცილი ბავშვის გვამი. ქალაქ ჰაულას საარტილერიო დაბომბვა სირიის სამთავრობო ჯარებმა პარასკევს წამოიწყეს. აქტივისტების მიერ სოციალური მედიით გავრცელებული ამ ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება, რადგან სირიაში დასავლური მედიის მუშაობა უკიდურესად შეზღუდულია. მაგრამ თუკი დახოცილთა რაოდენობა დადასტურდა, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ დღიდან მოყოლებული, რაც ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო დაპირისპირება პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრე და ოპოზიციის შეიარაღებულ რაზმებს შორის. გაეროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული დაპირისპირების დროს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა და ძალადობა სირიაში გრძელდება გაეროს შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG