Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" მომხრეები თბილისის სხვადასხვა უბანში იკრიბებიან


კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მიტინგზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე რამდენიმე საათში დაიწყება, მოსახლეობამ შეკრება დაიწყო თბილისის სამ უბანში. ოპოზიციის წინასაარჩევნო მიტინგზე ხალხი ჩამოდის რეგიონებიდანაც, თუმცა, როგორც კოალიციის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, პოლიცია ხელს უშლის რეგიონებიდან ხალხის ჩამოსვლას, აჩერებენ ავტობუსებს და აბრუნებენ უკან. ხალხის ნაკადს, რომელიც ვაკის პარკიდან დაიძრება თავისუფლების მოედნისკენ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდება. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა ტელეკომპანია "მაესტროს", აქციით იწყება დიდი მოძრაობა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. "ჩვენი აქცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. რადგან ვისგანაც უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა, ვფიქრობთ რომ აღარ არის აქტუალური. მან თავად დაასრულა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება საკუთარი მოქმედებებით. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ოქტომბრამდე მივიდეთ მშვიდობიანად, ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები და დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება და ოცნებების ასრულება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მთავრობის სახლის წინ რუსთაველის მოედანზე დასრულებულია ტრიბუნის მონტაჟი. მიტინგზე სიტყვით გამოვლენ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები. მიტინგს რეპერ ბერა ივანიშვილის კონცერტი დაასრულებს.
XS
SM
MD
LG