Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჭუბურხინჯში რუსული სამხედრო ქალაქის გახსნას


გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გასულ კვირაში რუსული სამხედრო ქალაქის გახსნის გამო, საქართველოს ხელისუფლებას რეაგირების ერთადერთ მექანიზმად საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება რჩება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გაკონტროლება საერთაშორისო ძალებითაც კი ვერ ხერხდება, თუმცა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იქ რუსული შეიარაღების განთავსება გრძელდება. კალანდაძემ აღნიშნა, რომ სამხედრო ქალაქის გახსნის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირების გარდა, საქართველო შვეიცარიის შუამავლობით რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამავე ბრიფინგზე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტ ნიკოლიჩის მიერ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ კოსოვო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებული შემთხევვაა და თუ მათი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დაისმება, მასზე პარლამენტი იმსჯელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს და სერბეთს მსგავსი ისტორიული წარსული აქვთ და ორივე მიისწრაფის ევროკავშირისკენ, რომელიც ცალსახად აღიარებს საქართველოს საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას. კალანდაძის თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ სერბეთთან კონსულტაციების შემდეგ საკითხი საბოლოოდ გაირკვევა და გაუგებრობა სწრაფად აღმოიფხვრება.
XS
SM
MD
LG