Accessibility links

28 მაისს საქართველოში გამომავალი გაზეთების აბსოლუტური უმრავლესობა მეწინავე სტატიებს უძღვნის 27 მაისს პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აქციას. აი, სათაურებიც: ” შთამბეჭდავი სტარტი - თავისუფლების მოედანმა ივანიშვილის მხარდამჭერები ვერ დაიტია“ -”რეოზნანსი”; ” ბიძინა ივანიშვილმა შეუბერა” – „კვირის პალიტრა”; „დასასრულის დასაწყისი“ - ”ვერსია”; ”ივანიშვილის საარჩევნო სტარტი” - „24 საათი“.

გარდა 27 მაისის აქციის გაშუქებისა, გამოცემები ექსპერტების ანალიზსაც სთავაზობენ მკითხველს. „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: "თუ თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ძნელი იქნება. როგორც გამოჩნდა, მიუხედავად ათასგვარი პროვოკაციისა, კონტროლის პალატისა და უშიშროების მიერ ხალხის დაშინების მცდელობისა, ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა, - ყველაფრის მიუხედავად, კვლავაც ინარჩუნებს თავის აზრს და ამ აზრის გამოთქმის უფლებასაც".

"ეს იმაზე უკეთესი დასაწყისია, ვიდრე წარმოგვედგინა" - ამ სათაურით ეხმიანება გაზეთი „ვერსია“ „ქართული ოცნების“ აქციას.

"კოალიციის "ივანიშვილი - ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დასაწყისი შედგა! შედგა ლოზუნგით "ჩვენ ვიწყებთ" და საკმაოდ მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა. მთავარ განსჯის საგნად, როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე გასულ მხარდამჭერთა რაოდენობა იქცა და "ოცნებამ" გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. აქციაზე დაპირებულ 100 000 კაცზე რამდენიმე ათეული ათასით მეტი მივიდა. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთგან იყო დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და პლაზმური ეკრანი. შესაბამისად, პრაქტიკულად არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ლიდერის ხილვა და მოსმენა, თუნდაც ყველაზე შორეული კუთხიდან, ვერ შეძლო", - წერს გაზეთი "ვერსია".

როგორც უკვე ვთქვით, „ქართული ოცნების“ აქციის შესახებ სხვა ქართული გამოცემებიც წერენ. გარდა ამისა, ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში სხვა თემებიც მოხვდა. „რეზონანსი“ წერს, რომ ”პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაძვირდეს”. ”საქართველოში იმპორტირებული ხორბალი გაძვირდა. თუ წლის დასაწყისში ერთი ტონა რუსული და ყაზახური ხორბლის შემოტანა 220-230 დოლარი ჯდებოდა, დღეს მისი ფასი 280-300 დოლარამდე გაიზარდა. ორი კვირის შემდეგ კი, როგორც მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგაძე აცხადებს, ქვეყანას ერთი ტონა რუსული ხორბლის იმპორტი უკვე 320 დოლარი დაუჯდება. ამის ფონზე საქართველოში შესაძლოა პურის ფასი გაიზარდოს, სპეციალისტების თქმით კი”,- წერს რეზონანსი”, - „ ეს მაშინ მოხდება, როცა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 35-37 ლარს გადააჭარბებს, დღეს კი ტომარა ფქვილი 33 ლარი ღირს” .

ამ პროგნოზის მიუხედავად, მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებით, ფქვილის გაძვირება პურის ფასის მატებაზე შასაძლოა არც აისახოს, რადგან ფქვილი პურისთვის საჭირო ინგრედიენტების 60%-ს შეადგენს. გადამწყვეტი მნიშვნელობა საწვავის ფასს აქვს. „რეზონანსი“ ადგილობრივი ხორბლის მოსავლის შესახებაც წერს. როგორც სტატიიდან ვიგებთ, 2003 წელს საქართველოში ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა და მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა, ამჟამად კი ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა.

გაზეთი „24 საათი“ თბილისში 26 მაისს ჩატარებულ სამრეწველო აღლუმს ეხმაურება. ”მრეწველობის აღლუმი, სახელწოდებით” ”დამზადებულია საქართველოში“, ხალხის სიმრავლით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიის” წინ შეინიშნებოდა. იქ გამოფენილი პროდუქციის მიმართ ინტერესს ბავშვები და მამაკაცები იჩენდნენ. ვარდების მოედანზე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ”დელტას” ბაზაზე დამზადებული ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა და იარაღი იყო წარმოდგენილი, მათ შორის: მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ” ლაზიკა” და სხვა“, ნათქვამია „24 საათის“ სტატიაში.
XS
SM
MD
LG